"ქართული ოცნების" წევრი თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ ანგარიშებს გამოეხმაურა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ამ მომენტისთვის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ არჩევნების კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საბოლოო შემაჯამებელი ანგარიშები უკვე გამოაქვეყნა.
ჩუგოშვილმა სადამკვირვებლო მისიებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოულოცა საქართველოს წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემო იყო უმეტესწილად მშვიდი, კარგად ორგანიზებული და არჩევნების შედეგები ქართველი ამომრჩევლის ნებას ასახავს.
"გუშინდელი არჩევნები შეფასდა როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეუთო-ს, ევროსაბჭოს, ნატო-ს, ევროკავშირის, ერთობლივ შეფასებაში რამდენიმე აქცენტი მინდა გამოვყო. კერძოდ, არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ორგანიზებული, დაცული იყო ნების გამოხატვის თავისუფლება, დღის განმავლობაში მოხდარი გუშინდელი ინცინდენტების მიუხედავად, საარჩევნო კამპანიამ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა. საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველთა საარჩევნო სიები ნდობას იმსახურებდა. მათივე შეფასებით, ზოგადად არჩევნები, საარჩევნო პროცესი და კამპანია იყო ძალიან კონკურენტული, მედია გარემო პლურალისტული, სადაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი მოსაზრებები ამომრჩევლებისთვის გაეცნოთ. მათვე აღნიშნეს, რომ მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მედიასაშუალება დაუბალანსებლად აშუქებდა საარჩევნო პროცესს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის შეფასებით, გუშინდელმა არჩევნებმა კიდევ უფრო გაამყარა საქართველოს როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარების კუთხით ლიდერის სტატუსი, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა", - დასძინა ჩუგოშვილმა.
"ქართული ოცნების" წევრი თამარ ჩუგოშვილი ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციური პარტიების შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც ცესკოს საქმიანობის მიმართ უნდობლობის გამოცხადებას შეეხებოდა. "კერძოდ, მინდა მოგიყვანოთ რამდენიმე ციტატა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის განცხადებით, რომლებიც არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან არანაირი საფუძველი არჩევნების შედეგში ეჭვის შეტანის არ არსებობს. ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის მიერ ითქვა, რომ არჩევნების ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე არჩევნების შედეგების ეჭქვეშ დაყენება მიუღებელია და პოლიტიკური მოუმწიფებლობის ნიშანია", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, კენჭისყრის მიმდინარეობის , ასევე საარჩევნო პროცესის თაობაზე სადამკვირვებლო მისიების მხრიდან ასევე გამოითქვა შენიშვნები და დაფიქსირდა ხარვეზები.
"ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ შენიშვნებს და ვაპირებთ, რომ აუცილებლად გავითვალისწინოთ ყველა ის გამოთქმული შენიშვნა იმისთვის, რომ სამომავლოდ საარჩევნო გარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი, კიდევ უფრო თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.