გიორგი ონიანი - "ნაციონალური მოძრაობის" ორ აქტივისტს ვაზისუბანში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ

გიორგი ონიანი - "ნაციონალური მოძრაობის" ორ აქტივისტს ვაზისუბანში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ

"ნაციონალური მოძრაობის" ორ აქტივისტს ვაზისუბანში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ და ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება , - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გიორგი ონიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი ორი აქტივისტი ვაზისუბანში "ქართული ოცნების" ოფისის გვერდით სუპერმარკეტში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მას "ქართული ოცნების" 30-მდე წარმომადგენელი თავს დაესხა და ისინი ხელკეტებით სცემა.

"ქართული ოცნებიდან" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის შტაბის ინფორმაციით კი, მათ შტაბთან "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გოგა ონიანის მხარდამჭერების გამოჩენას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აბუსერიძის შტაბიდან აცნობეს, ონიანის მხარდამჭერები გამოირჩეოდნენ აგრესიით. "სამუშაო რეჟიმში, დაახლოებით 23:30 საათზე, ჩვენი ოფისის მიმდებარედ, კერძოდ, სუპერმარკეტთან გამოჩნდა რამოდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიული ქმედებებით, რაც გამოიხატებოდა "ქართული ოცნებისა" და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძის მიმართ უცენზურო სიტყვებში. რასაც მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლა. აგრესიულად განწყობილი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის შტაბის წევრები", - აცხადებენ აბუსერიძის შტაბში.

დეპუტატობის კანდიდატის შტაბი ფოტოსურათსაც ავრცელებს, რომელზეც, მათი განმარტებით,ის პირები არიან ასახული, ვინც დღევანდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ. აღნიშნული პირები ფოტოზე წითელი ხაზით არიან გამოყოფილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."