აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“, „ნაციონალებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა ნინო ბურჯანაძის პარტიაც შევიდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“, „ნაციონალებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა ნინო ბურჯანაძის პარტიაც შევიდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა და შესაბამისად, აჭარის საკანონმდებლო ორგანო მრავალპარტიული იქნება.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 45% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 29.68%, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა საქართველომ“ 5.9%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ 5.72%.

რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარულ არჩევნებს, აჭარის ექვსივე ოლქში მეორე ტურის გამართვა გახდა აუცილებელი, რადგან ვერც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი. უსკო-ს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა ოლქში ლიდერ პოზიციაზე იმყოფებოდნენ და მათი მონაცემები 39.96%-დან 45.9%-ის ფარგლებში მერყეობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა კი 26.02%-დან 33.65%-მდე მიიღეს. შესაბამისად, მეორე ტურში უმაღლესი საბჭოს მანდატების მოსაპოვებლად „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იბრძოლებენ.

აჭარის საკანონმდებლო ორგანოში სულ 21 მანდატია. აქედან 15 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო 6 მაჟორიტარულით.

უსკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნება“ მიღებულ ხმათა 45%-ით შეძლებს 8 დეპუტატის შეყვანას, „ნაციონალური მოძრაობა“ – 29.68%-ით 5 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ თითო-თითო დეპუტატით შედიან. „პატრიოტთა ალიანსის“ სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით თარხან მოურავია.

აჭარის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვების შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში 6 მაჟორიტარული ოლქიდან ოთხს მაინც მოიგებს. უმრავლესობის მოპოვებას სულ 12 მანდატი სჭირდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა. მეორე ტურის ჩატარებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეოთხე მოწვევის საკანონმდებლო ორგანო ეყოლება.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."