ლევან ბერძენიშვილი - ჩვენი შეცდომა 2%-იანია, საზოგადოების შეცდომა კი არის 100%-იანი

ლევან ბერძენიშვილი - ჩვენი შეცდომა 2%-იანია, საზოგადოების შეცდომა კი არის 100%-იანი

დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ "თავისუფალ დემოკრატებთან" გაერთიანებაზე "რესპუბლიკურ პარტიას" უარი არ უთქვამს, - ამის შესახებ ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემ კითხვა" სტუმრობისას, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, დაუშვეს თუ არა შეცდომა პროდასავლურმა პარტიებმა, როდესაც არ გაერთიანდნენ. ბერძენიშვილის თქმით, შეცდომების გასაანალიზებლად არჩევნებიდან საკმარისი დრო არ გასულა.

"მაგრამ ის შედეგი, რომელიც ჩვენ ცალ-ცალკე ვაჩვენეთ, არითმეტიკულადაც რომ შევკრიბოთ, არის კატასტროფა ქვეყნისთვის. ამიტომ განურჩევლად იმისა, ჩვენ დავუშვით თუ არა შეცდომა, ჩვენს გარდა ვიღაცამ კიდევ დაუშვა შეცდომა. მე ვფიქრობ, საზოგადოება შეცდა, როდესაც ერთპარტიული პარლამენტი შექმნა. ჩვენ და "თავისუფალი დემოკრატები" შეიძლებოდა, ერთად ვყოფილიყავით და საერთო ჯამში მივიღებდით 7%-ს. მე მგონი, ეს ის არ არის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქვეყანას გაცილებით მეტი სჭირდებოდა, ამიტომ ჩვენი შეცდომები გასათვალისწინებელია. იგი არის 2%-იანი შეცდომა, საზოგადოების შეცდომა არის 100%-იანი, ამიტომ აქ ერთად უნდა გავითვალისწინოთ პასუხისმგებლობა ჩვენ და საზოგადოებამ. 50% საერთოდ არ მოვიდა არჩევნებზე, ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, ეს არის 50%-იანი შეცდომა. ყოველი მეორე ამომრჩეველი შეცდა, ჩვენ კი გვაქვს პატარა შეცდომა - 1,5% მივიღეთ და დიდი-დიდი კიდევ 1,5 შეცდომა დავუშვით. ადვილია პარტიების დადანაშაულება, რომ ისინი არ გაერთიანდნენ, შეცდნენ და ა.შ., მაგრამ გაერთიანების შემთხვევაშიც კი მაქსიმუმი, რასაც მიაღწევდა ლიბერალური ღირებულების მქონე პროდასავლური პარტიები, იქნებოდა 10%. 90%-ს მაინც მიიღებდნენ პირველი და მეორე ხელისუფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის მარტო პოლიტიკურ სისტემაში, პრობლემა არის საზოგადოებრივ ცნობიერებაშიც და განათლების საერთო ცენზშიც. თუმცა მე თანახმა ვარ, თქვენთან ერთად ჩვენც შევისწავლით ჩვენს შეცდომებს და გავაანალიზებთ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, შეკითხვა გაერთიანებასთნ დაკავშირებით "რესპუბლიკურ პარტიასთან" არ არის.

"რესპუბლიკურ პარტიას" არ უთქვამს გაერთიანებაზე უარი, უბრალოდ არავისგან მიგვიღია მსგავსი წინადადება. პირიქით, "თავისუფალი დემოკრატები" მუდმივად თვლიდნენ, რომ მათ აქვთ უპირატესობა და არავისთან გაერთიანებას არ აპირებდნენ. პირველად მათ თქვეს, რომ არავისთან გაერთიანებას არ აპირებდნენ. ამიტომ ეს შეკითხვა, თუ მაინც და მაინც პატიოსანი გვინდა ვიყოთ, ვიცით ვისკენ მიდის. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, რომ ასეთი დიდი სიბრძნე გამოგვეჩინა და გავერთიანებულიყავით, რისთვისაც "რესპუბლიკური პარტიის" შედეგი იქნებოდა, რომ 1 პარლამენტარს გაიყვანდა პარლამენტში, ეს არ არის ის შედეგი, რომელიც საქართველოს უკეთესს გახდიდა. ამიტომ უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს - პარტიული ბრძოლა იქნება მომავალშიც, არა კონგლომერატებს, არამედ პარტიებს შორის და ხალხი გააკეთებს კვლავ არჩევანს. გაერთიანება ძნელია და ხანდახან აზრი მას არა აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერი შეიცვლებოდა ამ გაერთიანებით", - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."