"ჩვენ ვერ ვისწავლეთ ბიზნესთან საუბარი და ფულის შოვნა" - ლევან ბერძენიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" შეცდომებზე

"ჩვენ ვერ ვისწავლეთ ბიზნესთან საუბარი და ფულის შოვნა" - ლევან ბერძენიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" შეცდომებზე

"რესპუბლიკური პარტია" არის ერთადერთი პარტია, რომელსაც არც ერთმა ბიზნესმენმა არც ერთი თეთრი არ მისცა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "PALITRANEWS"-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე - თუ რას მიიჩნევენ "რესპუბლიკელები" შეცდომად, რამაც განაპირობა პარტიის პარლამენტსგარეთ დატოვება და ზღვარის ვერ გადალახვა, ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ მათ ვერ ისწავლეს ბიზნესთან საუბარი, რის გამოც არჩევნების პროცესის ფინანსების გარეშე წარმართვა მოუწიათ.

"ჩვენი ყველაზე მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ბიზნესთან საუბარი და ფულის შოვნა. ჩვენ გვქონდა ნული თეთრი. ეს არის ერთადერთი პარტია, რომელსაც არც ერთმა ქართველმა მეწარმემ და ბიზნესმენმა არ მისცა არც ერთი თეთრი. არჩევნებზე ფული იმისთვის არ გჭირდება, რომ ხალხი მოისყიდო, თუმცა ზოგიერთს მაგისთვისაც სჭირდება. ჩვენ ფული გვჭირდებოდა იმისთვის, რომ პლაკატები და ბანერები დაგვებეჭდა, შეხვედრები გაგვემართა და სხვ. ჩვენ არ გვყავდა კოორდინატორები და არ გვქონდა მათთვის ფული. ჩვენ საერთოდ არ გვქონდა ფული შტაბში. ეს იყო სერიოზული და მძიმე შეცდომა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილმა ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ ვერ მოხდა წინასაარჩევნოდ ფულის მოძიება. "რესპუბლიკური პარტიის" წევრის თქმით, როდესაც პარტიას ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე და ის არ აწუხებს ბიზნესს, ეს ბევრ რამეზე მიუთითებს.

"ეს შეცდომა რამ გამოიწვია? ჩვენ გვყავდა პარლამენტის თავმჯდომარე. თუ პარლამენტის თავმჯდომარემ ფული ვერ იშოვა, ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ ვიღაცისთვის და ჩვენთვის საბედნიეროდ, ის აღმოჩნდა იმდენად პატიოსანი კაცი, რომ ბიზნესი ამ მხრივ არ შეაწუხა. თორემ პარლამენტის სხვა თავმჯდომარე რამენაირად იშოვიდა ფულს. სხვებიც ყოფილან თავმჯდომარეები და ვიცით რა და როგორ იყო.

ამას არ ვთვლი ჩვენს დანაშაულად, თუმცა შეცდომა იყო, რომ ვერ ვისწავლეთ ბიზნესთან საუბარი. ჩვენ სხვა შეცდომებიც გვქონდა, რომელსაც დრო სჭირდება გასაანალიზებლად", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის ლიდერები არ აპირებენ პარტიის დატოვებას და პოლიტიკიდან წასვლას, არამედ აპირებენ შეცდომების გამოსწორებას. ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს ნაჩვენები შედეგი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იქნება და სამომავლოდ ხმათა უფრო მეტ რაოდენობას მიიღებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."