"როცა სიმართლის დამტკიცება დამჭირდა, ვიდეო არ მოიძებნა..."ნაციონალების" დროში ვბრუნდებით?!" - ვინ და რატომ ედავება პატრულს

"როცა სიმართლის დამტკიცება დამჭირდა, ვიდეო არ მოიძებნა..."ნაციონალების" დროში ვბრუნდებით?!" - ვინ და რატომ ედავება პატრულს

საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმებს მძღოლები უმეტესად აპროტესტებენ. ხშირად პროტესტი და უკმაყოფილება მხოლოდ ადგილზე, წუთიერად გამოიხატება, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ, ჯარიმა დაუმსახურებლად გამოუწერეს და ჯარიმას სასამართლოშიც ასაჩივრებს. ასე შეემთხვა ჩვენს რესპონდენტსაც, რომელმაც საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა.

ლაშა შელეგია AMBEBI.GE-ს რედაქციას დახმარებისთვის დაუკავშირდა და აი, რა გვიამბო:

"დამაჯარიმეს რამდენიმე თვის წინ, თუმცა სასამართლოში გასაჩივრებას დრო დასჭირდა და საქმე ახლაც კი არ დამისრულებია, ბოლომდე ვიბრძოლებ. ამ წლის 23 აპრილს ელიავას ბაზრობასთან პატრულ-ინსპექტორმა დამაჯარიმა 200 ლარიანი ჯარიმით. კერძოდ, მანქანა ცუდად იყო გაჩერებული და ამან გამოიწვია მოძრაობის შეფერხება და შექმნა საავარიო სიტუაცია. თუმცა, საავარიო სიტუაცია არ შექმნილა, ჯარიმის გამოწერიდან 4 დღეში ჯერ სამინისტროში გავასაჩივრე, შემდეგ კი სასამართლოში და მოვითხოვე გადაკვალიფიცირება.

სასამართლო პროცესზე პატრულ-ინსპექტორს ვკითხე, არსებობდა თუ არა ჩანაწერი, სადაც ჩანდა, რომ მე დავარღვიე კანონი, მათ მითხრეს, რომ არსებობდა, მოვითხოვე ამ ვიდეომტკიცებულების ჩვენება, რადგან ამით დამტკიცდებოდა ჩემი სიმართლე, სამწუხაროდ მოსამართლემ საჭიროდ არ ჩათვალა ჩანაწერები და მხოლოდ პატრულ-ინსპექტორის ჩვენებას დაეყრდნო. მერე ისე მოხდა, რომ სასამართლოს ბოლო სხდომაზე არ ვიყავი, გავგზავნე წერილი, რომ საპატიო მიზეზით ვერ ვესწრები და იქნებ პროცესი გადადოთმეთქი. მოსამართლემ პროცესი არ გადადო და განაჩენი გასაჩივრების უფლების გარეშე გამოიტანა.

ცუდი ის არის, რომ როცა ეკა ყურშიტაშვილს და სხვებს ვიდეოებს უვრცელებენ, მაშინ როცა პატიოსან მოქალაქეს სიმართლის დამტკიცება დასჭირდა, ვიდეო არ მოიძებნა. ისევ "ნაციონალების" დროში ვბრუნდებით?! შინაგან საქმეთა სამინისტროს რამეში რომ ედავები, ამის დამტკიცება გამორიცხულია. მძღოლი ერთია და პატრულ-ინსპექტორი ორი, ყველაფერში თავიანთ სიმართლეს დაგიმტკიცებენ" - ამბობს დაჯარიმებული  მძღოლი ლაშა შელეგია.

საქმის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა და საქმე დაიხურა, რაც შეეხება ვიდეომტკიცებულებას, უწყებაში განაცხადეს, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია და ასეთი ინფორმაციები ჩაწერის დღიდან ერთი თვის ვადაში ნადგურდება.

"აღნიშნულ მოქალაქეს პატრულ-ინსპექტორმა დაუწერა ჯარიმა, ის ამას არ დაეთანხა, მოვიდა საპატრულოში მონიტორინგის განყოფილებაში და გაასაჩივრა. ჩვენმა გამომძიებელმა გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, საჭიროდ არ ჩათვალა დამატებით მოეთხოვა კამერების ჩანაწერები და ძალაში დატოვა პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოწერილი ჯარიმა. ამ გადაწყვეტილებას მოქალაქე არ დაეთანხმა და გაასაჩივრა სასამართლოში. პროცესზე საპატრულომ ამ საქმის ყველა დოკუმენტი წარადგინა, მოსამართლეს საპატრულო პოლიციისთვის არ დაუვალებია წარმოედგინათ კონკრეტული კანონდარღვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, შესაბამისად, ვერავინ მოგვთხოვს წარმოვადგინოთ აღნიშნული კანონდარღვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

ეს არის პერსონალური ინფორმაცია და საჯაროდ ვერ გავცემთ, მაგრამ ამბავი მოხდა აპრილში, ხოლო პერსონალური ინფორმაცია ერთი თვის ვადაში ნადგურდება, მისი შენახვა კანონდარღვევაა. ალბათ იყო ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, თუმცა უკვე განადგურებული იქნება. ბრძანებაში წერია, რომ პატრულს აქვს უფლებამოსილება ჩართოს სამხრე კამერა და არა ვალდებულება. ამიტომ ზოგი რთავს, ზოგი არა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორს ჩართული აქვს სამხრე კამერა", - განგვიმარტეს შს სამინისტროს პრესსამსახურში.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების" ასოციაციის წარმომადგენლის, ვასო ურუშაძის თქმით, ხარვეზი კანონმდებლობაშია, რომელსაც "ბოროტად იყენებენ პატრულ-ინსპექტორები".

"თუ მძღოლი აჩერებს ისეთ ადგილას, სადაც არ შეიძლება გაჩერება, ის ჯარიმდება 200 ლარით. სამწუხაროდ, ხშირად საპატრულო პოლიცია ამ დარღვევას ბოროტად იყენებს და მძღოლს ბრალს დებს საცობის წარმოქნაში, რაც მიუღებელია. არასწორი პარკირება ჯარიმდება 10 ლარით, მაგრამ ოქმი გამოიწერებოდა საცობის წარმოქმნაზე და რამდენჯერაც ასეთი ფაქტები სასამართლოში გასაჩივრდა, იმდენჯერ საპატრულო პოლიციამ მტკიცებულებები ვერ წარადგინა, იმიტომ რომ, რეალურად არ აქვთ ასეთი კადრები. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც საკანონმდებლო ხარვეზი ბოროტადაა გამოყენებული", - ამბობს ვასო ურუშაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ