ვინ ვის უპირისპირდება თბილისში მეორე ტურში და რომელ ოლქებში ტარდება არჩევნები 30 ოქტომბერს

ვინ ვის უპირისპირდება თბილისში მეორე ტურში და რომელ ოლქებში ტარდება არჩევნები 30 ოქტომბერს

30 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 53 ოლქში ჩატარდება. აქედან თბილისის 18 და რეგიონების - 35 ოლქში. შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა "საარჩევნო კოდექსით" განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

რომელ ოლქებში მოუწევთ თბილისის მაცხოვრებლებს არჩევანის ხელახლა დაფიქსირება და რომელი კანდიდატები უპირისპირდებიან მეორე ტურში ერთმანეთს - საჭირო ინფორმაცია ამომრჩევლისთვის მეორე ტურის შესახებ:

თბილისში, მთაწმინდის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა - 44,42% დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა რურუა 26,92 %-ით. შესაბამისად, მთაწმინდის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს ზურაბიშვილი და რურუა უპირისპირდებიან.

ვაკის მე-2 მაჟორიტარულ ოლქში პირველი ტურის შედეგებით 48,95 %-ით ლიდერობს "ქართული ოცნების" კანდიდატი ბიძინა გეგიძე, რომელსაც 22,25 %-ით მიყვება "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია. მეორე ტურში ამომრჩეველს სწორედ გეგიძესა და ხოშტარიას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

საბურთალოს მე-6 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი (პირველ ტურში 46,89 %), "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სევდია უგრეხელიძეს (პირველ ტურში 17,2 %) უპირისპირდება.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება კრწანისის მე-7 ოლქშიც, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ 48,23 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ამომრჩეველთა 28,92 %-მა მისცა ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ირაკლი აბესაძეს.

მეორე ტური გაიმართება ისნის მაჟორიტარულ ოლქებშიც. უფრო კონკრეტულად, მე-8 ოლქში "ქართული ოცნების" ირაკლი აბუსერიძე (პირველ ტურში 42,74 %) და "ნაციონალური მოძრაობის" გიორგი ონიანი (პირველ ტურში 24,12 %) უპირისპირდებიან; ისნის მე-9 ოლქში: "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ჭიჭინაძე (48,13 %) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ბესიკ კვიციანი (27,37 %).

რაც შეეხება ისნის მე-10 ოლქს, მეორე ტურში არჩევანის გაკეთება შემდეგ ორ კანდიდატს შორის მოუწევთ: "ქართული ოცნება" - ბექა ნაცვლიშვილი (45,07 %) და "ნაციონალური მოძრაობა" - ზაზა კედელაშვილი (26,61 %).

სამგორის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მოსიძე, რომელმაც პირველ ტურში ხმათა 47,45 % მოიპოვა, დაუპირისპირდება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ირაკლი ნადირაძეს, რომელიც მეორე ადგილზეა, ამომრჩეველთა 24,11 %-ის მხარდაჭერით.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება სამგორის მე-12 და მე-13 ოლქებშიც. პირველ შემთხვევაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა მარიამ ჯაშმა 42,58% მოაგროვა, "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით ჟღენტმა კი - 27,79 %, ხოლო სამგორის მე-13 ოლქში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი შოთა ხაბარელი (45,28 % პირველ ტურში) "ნაციონალების" კანდიდატ გიორგი ხახნელიძეს (25,52 %) უპირისპირდება.

დიდუბის მე-15 ოლქში ხმები პირველ ტურში შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნების" კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი - 46,95 %, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ნაფეტვარიძე - 19,81%. შესაბამისად, დიდუბელებს ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

რაც შეეხება დიდუბის კიდევ ერთ - მე-16 ოლქს, 47,03 % მიიღო "ქართული ოცნების" კანდიდატმა ივლიანე წულაიამ, 20,82% კი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი დვალმა. მეორე ტურში სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება ჩუღურეთის მე-17, მე-18 და მე-19 ოლქებშიც. კერძოდ, მე-17 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ სოფიო კილაძესა (ხმების 44,83% მოაგროვა) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ მურმან თხელიძეს (19,84 %) შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება; მე-18 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილსა (47,13 %) და "ნაციონალების" წარმომადგენელ მამუკა გუგეშაშვილს (25,39 %) შორის, ხოლო მე-19 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ ზაზა გაბუნიასა (45,98 %) და მეორე ადგილზე გასულ, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ლერი დემეტრაშვილს (26,21 %) შორის.

რაც შეეხება გლდანს, მე-20 ოლქში გლდანელებმა "ქართული ოცნების" კანდიდატ კობა კობალაძესა (40,31 %) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ალექსანდრე ჩაფიჩაძეს (24,56 %) შორის უნდა გააკეთონ არჩევანი.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იქნება გლდანის 21-ე მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატ ლევან კობიაშვილსა (49,22 %) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სერგო რატიანს (30,42 %) შორის იქნება მანდატისთვის ბრძოლა.

არჩევნების მეორე ტური ინიშნება გლდანის კიდევ ერთ - 22-ე ოლქში. ამ შემთხვევაში ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან კობერიძე (44,75 %) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი ბარამიძე (25,61 %) უპირისპირდებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."