შსს-ს "რუხი კარდინალი" თუ ორმაგი აგენტი? - ვინ არის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ამირან მესხელი

შსს-ს "რუხი კარდინალი" თუ ორმაგი აგენტი? - ვინ არის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ამირან მესხელი

ამირან მესხელი - ეს სახელი და გვარი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროიდან შეიძლება ბევრს ახსოვს, თუმცა ამ პიროვნების შესახებ მინიმალური ინფორმაცია მოიპოვება. ინტერნეტში მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის და მისი "მარჯვენა ხელის" ხარისხიანი ფოტოსურათიც არ არსებობს. ასევე, ვერსად ნახავთ ოფიციალურ ბიოგრაფიას. ერთადერთი, რაც ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, ისაა, რომ მესხელი 1975 წლის 26 დეკემბერს, თბილისშია დაბადებული (ხალხური მითოსით, მესხელი სამცხე-ჯავახეთიდანაა და ვანო მერაბიშვილსაც სწორედ იქიდან, მაშასადამე, ბავშვობიდან იცნობს. მოგეხსენებათ, მერაბიშვილი სოფელ უდეში დაიბადა); ჰყავს მეუღლე და სამი შვილი... გაზეთი "ვერსია" ახალ რუბრიკაში, სახელწოდებით "X ფაილი", სწორედ ამირან მესხელის პიროვნებით დაინტერესდა.

მოკლედ, ვინ არის, როგორ გახდა ჩვეულებრივი "ვალუტჩიკი" პოლიციის გავლენიანი მაღალჩინოსანი და რატომ ეძახდნენ "მარტოხელა მგელს"? - "ვერსია", ჟურნალისტურ არქივებსა და პირად კონფიდენტებზე დაყრდნობით, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის შოკისმომგვრელ X-ფაილს წარმოგიდგენთ!

90-იანი წლების მიწურულს, ერთ-ერთ პროვინციულ გაზეთში სკანდალური სტატია ქვეყნდება, რომელშიც ლაპარაკი სამცხე-ჯავახეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილებში გამეფებულ ჰომოსექსუალიზმზეა. სტატიის ავტორი ვინმე ამირან მესხელია, რომელიც იმხანად, ალბათ, 25 წლამდე იქნებოდა. ეს მესხელის, რომელიც მოგვიანებით, ქართული სპეცსამსახურების გავლენიან "რუხ კარდინალად" იქცევა, პრაქტიკულად, პირველი და, ალბათ, უკანასკნელი საჯარო გამოჩენაა... სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, მესხელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში იწვევენ, რასაც სკანდალი მოჰყვება. მესხელი ასაჩივრებს, რომ ჯარში გაწვევა არ ეკუთვნის და დავას სასამართლოში იწყებს. თემიდას მომჩივანისთვის სასარგებლო ვერდიქტი გამოაქვს...

ოფიციალური დოკუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ არ ეკუთვნოდა მესხელს სამხედო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, არ არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის იმდროინდელ ანგარიშში საინტერესო ჩანაწერს ვხვდებით. კერძოდ, მესხელის ეს ინციდენტი ანგარიშის იმ კონტექსტშია განხილული, სადაც აქცენტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რელიგიურ, სექსუალურ და სხვა უმცირესობათა დისკრიმინაციაზე კეთდება. მაშასადამე, დაშვების დონეზე, შესაძლოა ითქვას, რომ მესხელი რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელი იყო ან, სულაც "წამებულის როლის" თამაში რაღაცისთვის დასჭირდა. კონფიდენტი, რომელსაც თავის დროზე საქართველოს კონტრდაზვერვაში მაღალი თანამდებობა ეკავა და რომელსაც "ვერსიამ" ეს დეტალი გააცნო, არ გამორიცხავს, რომ სპეცსამსახურებმა ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და მეჯვარესთან მჭიდრო კავშირი შესაძლოა, სწორედ იმ პერიოდში დაამყარეს:

- სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ მესხელს ახალციხეში, რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რაც, პრაქტიკულად "წითელი ზონა" იყო, ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაეხსნა, - ამბობს "ვერსიის" კონფიდენტი, - მოგვიანებით, ამირან მესხელი შსს-ს "რუხი კარდინალი" გახდა და უშიშროების ორგანოებს კურირებდა, ანუ მათ საქმიანობას წარმართავდა.

- "უშიშროების ორგანოებში" სახელდობრ, რას გულისხმობთ?

- კონტრდაზვერვას, კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტებს და, ასევე იმ სპეციალურ ოპერატიულ სამსახურებს, რომლებიც უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოვლენაზე მუშაობენ, თუმცა ძალიან კარგად ვიცით, თუნდაც "ენვერის" მაგალითზე, ნაციონალები უცხო ქვეყნის აგენტებს როგორც ავლენდნენ.

- იმის თქმა გინდათ, რომ სპეცოპერაცია "ენვერი" ამირან მესხელმა დაგეგმა?

- ყოველ შემთხვევაში, ეს სპეცოპერაცია მისი კურატორობით ჩატარდა. როგორც გითხარით, მესხელი შსს-ში უშიშროების ორგანოებს კურირებდა, ე. წ. მოდულში იჯდა და მისი სანქციის გარეშე, ვერც ერთი ქვედანაყოფისა თუ დეპარტამენტის უფროსი ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა.

- თქვენი ინფორმაციით, მერაბიშვილი და, შესაბამისად, სააკაშვილი მესხელს რატომ ენდობოდა?

- მართალია, მერაბიშვილი ენდობოდა, მაგრამ 2011 წლის ბოლოს, როგორც ვიცი, მათ შორის შავმა კატამ გაირბინა.

- რა მიზეზით?

- ჩემი ინფორმაციით, მესხელს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა, რომლის სააკაშვილისთვის გადაცემასაც მერაბიშვილის გვერდის ავლით ცდილობდა.

- ეს ინფორმაცია რას შეეხებოდა?

- სავარაუდოდ, მერაბიშვილის ფიგურას, მაგრამ მესხელი სააკაშვილს ვერ შეხვდა, რადგან ვანომ ყველაფერი გაიგო და მათ შორის დიდი უთანხმოება დაიწყო. მერაბიშვილისა და მესხელის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას გარეთ არ გამოუჟონავს, რადგან ეს შსს-ში და, საერთოდ, მთელ მაშინდელ მმართველ გუნდში გარკვეულ ბზარს გააჩენდა...

.....

- თუკი მესხელი "რუხი კარდინალი" და შავბნელი ფიგურა იყო, სისხლის სამართლის ერთ საქმეში მაინც რატომ არ ფიგურირებს? სხვათა შორის, მას ხელს არც დაზარალებულები ადებენ...

- საინტერესო შეკითხვაა... საერთოდ, იცით, როგორ არის? - უნდა ვიცოდეთ, სისტემა რას წარმოადგენს. შსს და უშიშროების სამსახური იერარქიული სისტემაა, სადაც შესულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობისაა, მინისტრის იმ მოადგილის სანქციის გარეშე, რომელიც უშიშროების ხაზს კურირებს, ოპერატიული საქმიანობა არ დაიწყება. ეს ყველამ იცის, ვისაც ამ სისტემაში უმუშავია. მოკლედ, ნებისმიერი საქმის გამოძიება, რომელზეც დღეს პროკურატურა მუშაობს, მათ შორის, 7 ნოემბერი თუ "ენვერი", სწორედ მესხელის პიროვნების შესწავლით უნდა დაიწყოს...

- ოფიციალურად არავინ არაფერს ერჩის, მაგრამ მესხელმა საქართველო მაინც დატოვა. ამას რითი ხსნით?

- როგორც ჩანს, საშიშროებას გრძნობდა. მესხელმა, ცხადია, იცოდა, რომ ის ნაციონალები, რომლებიც საქართველოში დარჩნენ, მის დაცვას არ დაიწყებდნენ... ვანო მერაბიშვილი ოპერატიულ საქმიანობაშიც მონაწილეობდა, თუმცა მაინც პოლიტიკური ფიგურა იყო, სხვა გადაწყვეტილებებს კი მესხელი იღებდა... 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მესხელი უჩინმაჩინივით გაქრა...

- ზოგი მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან სწორედ მესხელმა გაიტანა...

- საერთოდ, მეგის ქარდავა და სხვები ჩვეულებრივი დაბალი რანგის მოხელეები ანუ შემსრულებლები იყვნენ... იცით, მაშინდელ შსს-ში რა ხდებოდა? - ფარულ ჩანაწერებს უმეტესად პიროვნების დაკავების შემდეგ აკანონებდნენ და ამას ვიზირებას ამირან მესხელი აძლევდა.

- ყველაზე ცუდი, რაც ამირან მესხელს უკავშირდება, რა არის?

- ყველა საქმე, რომელიც შეკითხვებს აჩენს, მესხელს უკავშირდება. იგივე ე. წ. ფოტორეპორტიორების საქმეში მესხელის ხელი ერია...

- ესე იგი, მესხელმა ნაციონალებზე ბევრი რამე იცის, არა?

- ბუნებრივია... ჩანაწერების გაკეთებას ოტო-ს ყოფილი ხელმძღვანელი კუტარია ისე ვერ გაბედავდა, ხელმძღვანელობისგან ნებართვა რომ არ ჰქონოდა.

- ანუ, ფარული ჩანაწერები მესხელის დავალებით იქმნებოდა?

- ხომ გეუბნებით, მის გარეშე უშიშროების კუთხით არაფერი ხდებოდა. ისე, მესხელს თუკი მართლაც, რუსულ სპეცსამსახურებზეა მიბმული, სხვანაირი ფსიქოლოგია ექნება... შეიძლება, სპეცსამსახურის მუშაობაში გათვითცნობიერებულია და ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებაც კარგად იცის, მაგრამ აგენტის ანუ ოპერატიული წყაროსა და ოპერატიული მუშაკის უნარ-ჩვევები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

- მსმენია, რომ გადაბირების სამი მეთოდი არსებობს. თქვენი ვარაუდით, ამირან მესხელი, თუკი რუსულ სპეცსამსახურებთან მართლაც თანამშრომლობდა, კომპრომატებით გადაიბირეს, პატრიოტული მოტივით თუ ფულით?

- პატრიოტული მოტივი გამორიცხულია, ალბათ, უფრო ფულით და კომპრომატებით...

მოკლედ, თუკი "ვერსიის" კონფიდენტის ლოგიკას გავყვებით, მხოლოდ "ენვერის" კი არა, იგივე ე.წ. კორტებისა და ნაციონალების დროს ჩატარებული სხვა ხმაურიანი სპეცოპერაციები, მათ შორის "ნავთლუღის საქმის" კვალი ამირან მესხელამდე მიდის, რადგან შსს-ში უშიშროების ხაზს წორედ ის კურირებდა, თუმცა თავისთავად საინტერესოა, რომ არც ერთი ამ გახმაურებული საქმის გამოძიებისას მესხელის გვარი ოფიციალურად არ "ამოვარდნილა"...

სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, ამირან მესხელმა საქართვლეოში 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებისთანავე დატოვა და ერთხანობა, როგორც ითქვა, ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა მალევე, მისი კვალი გაქრა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მონაცემებით, ამირან მესხელის ზუსტი ადგილსამყოფელი არავინ იცის.

ავტორი: ვანო პავლიაშვილი

წაიკითხეთ ვრცლად გაზეთ "ვერსიის" 28 ოქტომბრის ნომერში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."