ლევან ბერძენიშვილი მომავალ პარლამენტს აფასებს - "დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში..."

ლევან ბერძენიშვილი მომავალ პარლამენტს აფასებს - "დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში..."

ეს იქნება ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა მომავალი პარლამენტის შეფასებისას განუცხადა.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, ყველა სახელისუფლებო ბერკეტი არის ერთი პარტიის ხელში, რაც არის საფრთხე ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ.

"უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას. როდესაც არის ერთი პარტია, რომელსაც შეუძლია სხვების დაუკითხავად ყველა საკითხი გადაწყვიტოს, ეს არის საფრთხე. ეს არის საფრთხე, რადგან ერთ პარტიას შეუძლია უკონტროლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები. ფაქტობრივად, შემოწმებისა და ბალანსირების სისტემა, წონასწორობის სისტემა ხელისუფლებაში დაირღვა. ყველა სახელისუფლებო ბერკეტი არის ერთი პარტიის ხელში და ეს არის საფრთხე ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ. რადგან საზოგადოებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უნდა თავის თავზე აიღოს ამ ხელისუფლების კონტროლი, რომ მათ ზედმეტი არ მოუვიდეთ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კითხვაზე - აქვს თუ არა ეს საფრთხე გაცნობიერებული ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლევან ბერძენიშვილის თქმით, მათ ეს არ აქვთ გააზრებული იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელთაგან უმეტესობა პირველადაა ხელისუფლებაში, გამოუცდელია.

"სინამდვილეში, ჩვენ ქვეყანა ჩავაბარეთ ხალხს, რომელმაც ქვეყნის მართვა ან იცის, ან არა, ეს მომავალში გაირკვევა. შესაბამისად, მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ სათამაშოსთან გამკლავება, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი ხელისუფლება ძალიან საშიშია თვითონ მათთვის. საქართველოში რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთი პარტიის ხელში აღმოჩნდა მთელი ძალაუფლება. არასდროს ეს კარგად არ დამთავრებულა. მე არ მახსოვს კარგი შედეგი. რა უხარიათ, არ ვიცი. ეს მაინცდამაინც სასიხარული ამბავი არ არის. გასაგებია, რომ პარტიაა და გამარჯვება უხარიათ, მაგრამ ამ გამარჯვებას ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა მოჰყვება. რაც ქვეყანაში გაფუჭდება, ახლა ვერავის დააბრალებენ. რომ ჰყავდათ სათამაშოდ "რესპუბლიკური პარტია" ან ვინმე, რომ აი, იმათი ბრალია, თორემ ჩვენ ვიზამდითო - ახლა ყველაფერი მათ ხელშია", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

წინასწარი მონაცემებით, მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ არჩევნებში - 44 მანდატი, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში 23 მანდატი მოიპოვა. შესაბამისად, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."