"ნაციონალური მოძრაობის" "ნეკროლოგი" - ლადო გოგოლაძის ბლოგი

"ნაციონალური მოძრაობის" "ნეკროლოგი" - ლადო გოგოლაძის ბლოგი

ლადო გოგოლაძის ბლოგი

"მამა - მიხეილი, დედა - აღარ ყავს, ხორციელი ძმები - ევროპის სახალხო პარტია, ლეიბორისტული პარტია, ქრისტიან-დემოკრატული პარტია; სულიერი ძმები: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები და ირინა სარიშვილი, ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 4-წლიანი ტანჯვის შემდეგ გარდაიცვალა "ნაციონალური მოძრაობა". პანაშვიდები 14 ნომებრიდან ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), პარლამენტის შენობა (ქუთაისი).

...სექტემბერში 15 წლის გახდი, ახლა უნდა გაგეხარა, მაგრამ ულმობელმა საწუთრომ (რომელსაც ხალხი ბიძინას სახელით უფრო იცნობს) არ დაგინდო, ზუსტად ისე მოგექცა როგორც შენ ექცეოდი ხოლმე სხვა პარტიებს, მაშინ როცა 9-წლიანი გაფურჩქვნის ზენიტში იყავი. ეჰ, 9 წელში იმდენი მოასწარი, რაც მონღოლებმა და საბჭოთა კავშირმა 100 წელშიც ვერ შეძლო, მაგრამ დაგინახეს?!

წლები დასჭირდება ამ იარის მოშუშებას, უშენოდ "კურიერი" ისეთივე იქნება, როგორც კოლუმბი ამერიკის გარეშე, მაგრამ ასეთი ყოფილა საწუთროს ნება. ის კი არა, მიკვირის, ოთხი წელი როგორ გაძელი.

ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არ დაიჯერო. თითქმის ერთი წელი მტკიოდა კბილი და ვიდრე არ ვიმკურნალე არ გაყუჩდა და იმ ტკივილს, რაც შენმა ამბავმა მოგვაყენა დრო უშველის?!

ვფიქრობ და გული მშვიდად მაქვს, იქითა საქართველოშიც სულ შენიანები დაგხვდებიან. "მოქალაქეთა კავშირი" არაფერს მოგაკლებს თავის ერთგულ პირმშოს. წარმომიდგენია, როგორ გაუხარდება შენი დანახვა. ბოროტი ენები ამბობენ, 2012 წელს კლინიკური სიკვდილი გქონდა, გვირაბში მიქროდი, გვირაბის ბოლოს თეთრწვერა მოხუცი დაგხვედრია და ჯერ შენი დრო არააო, ხელი უკრავს და გაღვიძებულს 65 მანდატი გჭერია ხელში... ეჰ, ახლა ვეღარც ხელის კვრა გიშველის. 8 ოქტომბერს, რომ გადაგიყვანეს რეანიმაციაში კიდევ მქონდა მცირე იმედი, განსაკუთრებით უკრაინიდან რომ გისხამდა სისხლს, მაგის გამოჩენა მაიმედებდა, მაგრამ 30 ოქტომბერს ჩამოკრა უბედურების ზარმა. აპარატიდანაც გამოგრთეს, ახლა მხოლოდ შენი სული დაძრწის წესაუგებელი მიცვალებულივით და ხან სად მიეხეტება და ხან სად.

მამაშენის მეორე ნახევარმაც ხელი გკრა, არადა მომაკვდავისთვის მისი ხელის კვრა, ჟანგბადის გადაკეტვას უდრიდა. მიგატოვა, არადა სულ რაღაც 5 წლის წინ შვილივით გექცეოდა.

მამაშენის ფეისბუქის გვერდზე რომ შევდივარ, ისეთი გლოვაა ხოლმე, თუ ღია ფერის რამე მაცვია, მრცხვენია. ყველას ენატრები, მაგრამ რას იზამ, ასეთი ყოფილა ქართველი ხალხის ნება, ხალხისა, რომელიც შენთვის არასოდეს არ არსებობდა. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი ამომრჩევლის ხმები!

პ.ს. ვინც ამ ნეკროლოგს დაუკითხავად წაიღებს საკუთარ საიტზე, დაე, იგივე ბედი ეწიოს, რაც ნეკროლოგში მოყვანილ პარტიას.

პატივისცემით, ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."