რა გავლენას ახდენს სერიალები ტელემაყურებელზე: "ისინი სერიალში ცხოვრობენ და საკუთარ თავს იქ ხედავენ..."

რა გავლენას ახდენს სერიალები ტელემაყურებელზე: "ისინი სერიალში ცხოვრობენ და საკუთარ თავს იქ ხედავენ..."

ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ტელესერიალების აქტიური მაყურებელია. ვენესუელური და ბრაზილიური პროდუქცია ბოლო დროს თურქულმა და ინდურმა ჩაანაცვლა, თუმცა ამ ჟანრის მაყურებლების ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, ისინი ისეთივე წარმატებით და დიდი სიამოვნებით აგრძელებენ სერიალების ყურებას. აღელვებთ მთავარი გმირების ბედი, მათთან ერთად განიცდიან და უხარიათ... სერიალებს არა მხოლოდ დიასახლისები და პენსიონერები უყურებენ, მათ აქტიური მაყურებელი სუპერმარკეტებში, სილამაზის სალონებსა და მსგავს დაწესებულებებშიც საკმარისად ჰყავთ. ეს რომ ასეა, ამას ტელეეთერების მაღალი რეიტინგები ადასტურებს.

ალბათ საინტერესოა, რა კატეგორიის ადამიანები არიან სერიალის მაყურებლები და რა გავლენას ახდენს "საპნის ოპერები" მათზე - ამ თემაზე სასაუბროდ ფსიქოლოგს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მანანა მელიქიშვილს მივმართეთ:

- ყველა ადამიანს აქვს თვითრეალიზაციის სურვილი, რასაც სამწუხაროდ, ბევრი ვერ ახერხებს. ალბათ სერიალის მაყურებლები სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთნებიან, რომლებიც ნაკლებად არიან რეალიზებულები, არ აქვთ სოციალური აქტივობა, ცხოვრებაში არ აუსრულდათ ოცნება, შეიძლება ღარიბი ინტიმური ურთიერთობებითაც გამოირჩევიან, ან სტრესში ცხოვრობენ, გარკვეული ტრავმა აქვთ მიღებული, ცხოვრება არ აეწყოთ ისე, როგორც უნდოდათ და ამ ყველაფრისგან განაწყენებულები რჩებიან. სერიალებში კი პრიმიტიულად, შავისა და თეთრის პოზიციით არის განხილული კეთილისა და ბოროტის ურთიერთობა. კეთილს ყველა ერჩის, მაგრამ ბოლოს მაინც სიკეთე იმარჯვებს და სწორედ ამ დროს, სერიალის მაყურებელი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მთავარ გმირთან ახდენს, რაც გარკვეული პრობლემების მქონე ადამიანებში ემოციურ კმაყოფილებას იწვევს. მოკლედ, სერიალში ცხოვრობენ და საკუთარ თავს იქ ხედავენ...

სერიალს სალონებში, სახელოსნოებსა და მარკეტებშიც უყურებენ და ესეც გასაგებია, ის ადამიანები ალბათ სულაც არ ოცნებობდნენ სიტყვაზე, მარკეტში ემუშავათ, სხვა სურვილები ჰქონდათ, მაგრამ რაღაცით დაიჩაგრნენ და ''საპნის ოპერით''იღებენ კმაყოფილებას. ამასთან, სხვა ბევრი ფაქტორიცაა, ერთ-ერთი კოგნიტური განვითარება და სიმწიფეა. როდესაც ადამიანს მაღალი კოგნიტური სიმწიფე, აზროვნების სტილი, შესაბამისი ანალიზის უნარი აქვს, მისთვის ყველაფერი არ არის შავი, და ყველაფერი არ არის თეთრი... მაგრამ როდესაც ამის დეფიციტია, ტვინის ძალიან ამოქმედება არ სჭირდება, გაშიფრული თემაა და ადამიანი მას მხოლოდ მიჰყვება...

- გასაგებია, რომ ის ცხოვრობს სერიალით, საინტერესოა, ასეთ დროს რა ემართება მის ფსიქიკას, შინაგან სამყაროს...

- ამ დროს ხდება მთლიანად განტვირთვა. თუ რომელიმე გმირი წარმატებას მიაღწევს, მაყურებელი ამისგან ისევე იღებს ემოციურ კმაყოფილებას, როგორც თავად ის პერსონაჟი... არსებობს ხარისხიანი და მაღალი დონის სერიალებიც, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელ ტელესივრცეში მდარე და უხარისხოები ჭარბობს. ხანდახან რამდენიმე წამით შევხედავ ხოლმე ამა თუ იმ პროდუქტს და არ ვიცი, რა გთხრათ, - მაკვირვებს, როგორ შეიძლება ამით დაინტერესდე?! მაგრამ იქ ისეთი სიუჟეტებია, მაგალითად, ცუდი დედამთილისა და კარგი რძლის ურთიერთობა, რომ ადამიანი საკუთარ თავთან პარალელს ავლებს და უხარია, რომ პოზიტიური გმირი იმარჯვებს...

არადა, ადამიანის თვითრეალიზაცია მაშინ ხდება, თუ თვითონ გადაჭრის რაღაც პრობლემას და არა მაშინ, როდესაც ვიღაცის პრობლემით იცხოვრებს. დიახ, საკუთარი პრობლემის დაძლევისას ხდება მორალური განვითარება. როდესაც მდარე სიტუაციასა და ინტრიგების ქსელშია პიროვნება გახვეული, განვითარება არ ხდება და სიტუაცია, რა თქმა უნდა, ნეგატიურია. ამიტომ ჯობს პრობლემა უფრო მაღალი დონის იყოს...

- სერიალის მაყურებლებისთვის რა რეკომენდაციის გაწევა შეიძლება?

- საჭიროა პიროვნული აქტივობა, საინტერესო საქმის კეთება, კონტაქტი ადამიანებთან, მეგობრების წრის შეძენა. მოხუცებს, რომლებიც ამ სერიალებს უყურებენ, ესაჭიროებათ თავისი თაობის ადამიანებთან ხშირი კონტაქტი. მოკლედ, მიზანი უნდა იყოს პიროვნული აქტივობა, ადამიანებთან ურთიერთობა, საყვარელი საქმის კეთება, მაღალი მოქალაქეობრივი ვალდებულებების შესრულება, ადამიანების დახმარება, მათზე ზრუნვა. სერიალების ყურება არის პასიური მდგომარეობა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ეს გახლდათ ნაწლავური ვირუსული ინფექცია" -  ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც გორში იყო, დასრულდა

"თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს" - როგორია ინფიცირების რეგიონალური განაწილება და აქტიური პაციენტების მდგომარეობა

"მეც მათთან ერთად დავიმარხე. 5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ..." - მეწყერსჩაყოლილი გოგონას წერილი თიკა თედორაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოჯახი დაკარგა