"აზრი არ აქვს იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების არსებობას" - ხუხაშვილი სისტემურ რეორგანიზაციაზე და ხადურის პასუხი

"აზრი არ აქვს იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების არსებობას" - ხუხაშვილი სისტემურ რეორგანიზაციაზე და ხადურის პასუხი

თუ სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები თავის თავს ვერ ინახავენ, შესაბამისად მათ არსებობასაც აზრი არ აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიმართულებით სისტემური რეორგანიზაციაა საჭირო და ამ მხრივ მთავარი პრინციპი შვილობილი სტრუქტურების შემოსავლიანობა უნდა იყოს.

"ზოგადი პრინციპის სახით სჯობს ის ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები იყოს შენარჩუნებული, რომლებსაც თავის თავის შენახვა შეუძლია. ისეთი შვილობილი სტრუქტურების შენახვას, რომელსაც აქვს ფასიანი სერვისები, აზრი აქვს. თუ ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები არიან ბიუჯეტზე მიბმულები, ანუ ზარალიანები, მათ შენახვას აზრი არ აქვს. ასეთი ქვესტრუქტურები, სჯობს, პირდაპირ იყოს ინტეგრირებული, ყოველგვარი დამატებითი სამეურნეო ანგარიშის გარეშე. აქ ასევე შეიძლება იყოს გარკვეული გამონაკლისი, იგივე უნივერსიტეტებთან მიმართებაში და ა.შ. რაც შეიძლება სპეციფიური საკითხი აღმოჩნდეს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი აღნიშნავს, მას არ აქვს ინფორმაცია რამდენი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია საქართველოში, რომელსაც აქვს იმდენი შემოსავალი, რომ თავისი თავი შეინახოს.

"ეს საკითხი არ მაქვს შესწავლილი და ახლა შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ზოგად მიდგომაზე, თუ რა არის სწორი. ფაქტია, რომ ჩვენ აქ გვჭირდება სერიოზული სისტემური რეორგანიზაცია, რეფორმა და ეს რომ დაიწყოს, ამისთვის ზოგად პრინციპად ალბათ ეს უნდა იყოს გამოყენებული, რომ ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები თავის თავს უნდა ინახავდნენ. თუ ისინი თავის თავს ვერ ინახავენ, შესაბამისად მათ არსებობასაც აზრი არ აქვს", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შემცირების საჭიროებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების საკითხზე კომენტარს აკეთებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას და საკითხს.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას და საკითხს და მათ არც უკითხავთ ეს რა არის. იყო პროექტები, რომლებიც საერთოდ არ იყო ასახული ბიუჯეტში და უბრალოდ მათი ასახვა ხდება. ჩვენ გავაკეთეთ, რომ სსიპ-ები გადმოვიყვანეთ სახაზინო მომსახურებაზე, მათ შორის, უნივერსიტეტები. გადავდგით ბევრი ნაბიჯი, რომ მათი ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო. ეს ყველაფერი არის პროცესი და ამას გავაგრძელებთ. ბიუჯეტში დანარჩენი რა პროცესები იქნება, ამას ნახავთ“, - განაცხადა ხადურმა.

ამასთან, არასამთავრობო სექტორის ნაწილი ხელისუფლებას სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შემცირების რეკომენდაციას აძლევს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."