აფხაზეთმა და რუსეთმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება შექმნეს - საქართველოს საგარეო უწყების კომენტარი

აფხაზეთმა და რუსეთმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება შექმნეს - საქართველოს საგარეო უწყების კომენტარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთში ე.წ. "შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების" შექმნა, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების ფონზე, კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას.

"ინტერპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონო ეპიზოდი უწოდეს.

მსგავსი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ე.წ. "ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ". მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

დოკუმენტის ხელმოწერითა და ერთი წლის თავზე მისი რატიფიკაციით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით.

აფხაზეთში ე.წ. "შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების" შექმნა, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების ფონზე, კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ძალისხმევას ყველა საერთაშორისო ფორმატში, დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებსა თუ მრავალმხრივ დიპლომატიაში რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის უკანონო ქმედებებს და შესაბამისი ზომები მიიღოს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით," - ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."