"აქ მოხვედრაზე ყველა მეცნიერი ოცნებობს" - ქართველი მოსწავლეები, NASA-ს შემდეგ, ცერნში მიემგზავრებიან

"აქ მოხვედრაზე ყველა მეცნიერი ოცნებობს" - ქართველი მოსწავლეები, NASA-ს შემდეგ, ცერნში მიემგზავრებიან

მსოფლიოს ყველა მეცნიერისთვის საოცნებო ადგილზე - "ცერნში" სამი ქართველი მოსწავლე-გამომგონებელი გაემგზავრება! საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, ჟენევასთან ახლოს, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის - "ცერნის" ლაბორატორიას, ვახო კონტრიძე, გიორგი მარგიანი და ბექა მიქაძე 21 ნოემბერს 5-დღიანი შემეცნებითი ვიზიტით ეწვევიან. მათთან ერთად მსოფლიოს მეცნიერების ცენტრს რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებულებიც დაათვალიერებენ.

"ცერნში მოხვედრაზე ყველა მეცნიერი ოცნებობს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქ მივიღებთ რჩევებსა და რეკომენდაციებს ჩვენი პროექტის შესახებ," - AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს ახალგაზრდა მეცნიერი ვახო კონტრიძე.

ჯგუფის პროექტის სახელწოდებაა "ფუჭი ელექტრომაგნიტური ენერგიის ნაკადის "ჰარვესტერ-რეციკლერი", ხუთი-ერთში". ამ გამოგონებით კონტრიძე მისი ჯგუფის წევრებთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა კონკურსის "ლეონარდი და ვინჩის" 2015 წლის გრან პრის მფლობელი გახდა.

"ჩვენ შევქმენით მოწყობილობა, რომელიც გამოიმუშავებს დენს, აქვს wi-fi-ს მიმღები, ტელემიმღები, რადიომიმღები და აცხელებს წყალს. სწორედ ამ პროექტით მივემგზავრებით ცერნში", - თქვა კონტრიძემ.

კონტრიძე არა მხოლოდ "ლეონარდო და ვინჩი" 2015-ის გამარჯვებულია, არამედ მან, გიორგი ნიორაძესთან ერთად, 2016 წლის კონკურსზეც მოიპოვა გრან-პრი. შესაბამისად, ის მომავალ წელსაც გაემგზავრება ცერნში.

"ჩვენი 2016 წლის პროექტი მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციურ ტექნოლოგიას ეხება. მზის ელემენტებს ახასიათებს სამი სახის პრობლემა: გადახურება, არასაკმარისი ენერგიის გამოყოფა და არამდგრადობა წვიმის ან თოვლის მიმართ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დავიწყეთ მუშაობა და ჩვენი ცდა წარმატებით დასრულდა. ვაფორმირებთ სილიკონის აპკს, რომელიც ამ სამივე პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. შედეგად მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტი ხუთი პროცენტით გავზარდეთ. საბოლოო შედეგი კი იქნება ის, რომ უფრო მეტი ოჯახი მომარაგდება ელექტროენერგიით", - განმარტავს პროექტის გამარჯვებული, გიორგი ნიორაძე.

აღნიშნული პროექტი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულიცაა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გამარჯვებულები NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში გაუშვა.

ცერნში გამგზავრებამდე 17 წლის მეცნიერები ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - Intel ISEF ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: გაიცანით ოთხი ქართველი მოსწავლე, რომლებიც NASA-ში მიემგზავრებიან

360 ახალი ინფიცირებული და 9 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცამები 25 349 ტესტის ჩატარების შემდეგ

"დიდი კაცი წავიდა" - "ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა

"რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია?" - თენგიზ ცერცვაძე