ლევან ვარშალომიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა

ლევან ვარშალომიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა

აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა.

გადაწყვეტილება ვარშალომიძემ საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა და განაცხადა, რომ მხარდამჭერებს ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ "ვერ გაამართლა მოლოდინები და ვერ დაიცვა ხმები".

მისივე განცხადებით, ის არ მიდის პოლიტიკიდან და მხარდამჭერებთან აქტიურ ურთიერთობას გეგმავს.

"მეორე ტურიც დამთავრებულია, უსკომ მიიღო შემაჯამებელი ოქმი. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში, მხარში მედგა და მარწმუნებდა, რომ არ უნდა დავნებებულიყავი. მადლობა ჩემს გუნდს. მინდა ასევე, ბოდიში მოვუხადო ჩვენს ამომრჩეველს იმის გამო, თუ ვერ გავამართლეთ მათი მოლოდინები, ვერ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნები.

გვაფრთხილებდნენ, რომ არჩევნებს გააყალბებდნენ და ბოდიშს ვუხდი მხარდამჭერებს, რომ ვერ დავიცავი მათი ხმა. ჩემი მიზანი იყო აჭარაში სასარგებლო ადამიანების შეკრება, ვინც განახორციელებდნენ კარგ პროექტებს, მათ შორის ოცნების ქალაქის პროგრამას, ციტრუსის პროგრამას და სხვა...

სწორედ ამიტომ დღეს, მე ვიღებ გადაწყვეტილებას და არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი. ეს მე მომცემს საშუალებას უფრო მეტი ყურადღება მივაქციო ხალხს და ვითანამშრომლო ჩემს გუნდთან. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, ჩემი კონცენტრირება და ძალისხმევა ცვლილებებისკენ იქნება მიმართული. პირადად მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ვიქნები აჭარაში, საქართველოში და ჩემი პრინციპი იქნება მეტ ხალხს შევხვდე. მოსახლეობას შეეძლება ჩვენთან მოსვლა და შეხვედრა, პრობლემების განხილვა, იდეების გაზიარება", - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.

ლევან ვარშალომიძეს "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის მეექვსე ნომერი ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს, რომელიც წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."