როგორ აფასებენ ექსპერტები მინისტრთა ახალ კაბინეტს

როგორ აფასებენ ექსპერტები მინისტრთა ახალ კაბინეტს

კარგია, რომ პარტიული კუთვნილება არ აღმოჩნდა გადამწყვეტი მინისტრობის კანდიდატად წარდგენის დროს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, ვიქტორ დოლიძის კანდიდატურის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, ვიქტორ დოლიძე არის პროფესიონალი.

"ვიქტორ დოლიძის წარდგენას მივესალმები, რადგანაც მინისტრობის კანდიდატად შერჩევის დროს არ აღმოჩნდა პარტიული კუთვნილება გადამწყვეტი და პროფესიონალიზმის მიხედვით მოხდა შერჩევა. ვიქტორ დოლიძეს ევროპულ სტრუქტურებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და მისი დასახელება დადებითია," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს, რამაზ საყვერელიძის თქმით, ცვლილებები, სავარაუდოდ, უკავშირდება დაანონსებულ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ფორმულას.

"ცვლილებები, როგორც ჩანს, ემსახურება სწრაფი ეკონომიკური განვითარების ფორმულას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში "ქართულმა ოცნებამ" წამოაყენა, თუმცა დანარჩენი სამომავლოდ გამოჩნდება. იმას, თუ რამდენად შეძლებს გიორგი გახარია ამ მიზნის შესრულებას, გამიჭირდება საუბარი. მასზე, როგორც ეკონომისტზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა როგორც პიროვნება, კარგად განაწყობს ადამიანს, როგორც სპერციალისტს კი აქებენ," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ "ეს მინისტრთა კაბინეტი წინას ჯობია, მაგრამ რაიმე ტიპის წარმატების გარანტიებზე საუბარი ნაადრევია".

ხუხაშვილმა ეკონომიკური გუნდი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ფინანსთა მინისტრის პოსტზე გადანაცვლება ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან ეს უფრო მისი სფეროა, ვიდრე ეკონომიკა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, გია ხუხაშვილის შეფასებით, ეს უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან გახარიამ თავი აჩვენა, როგორც საკმაოდ კარგი კომუნიკატორი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ანუ პოტენციურ ინვესტორსა და ეკონომიკურ პოლიტიკას შორის, რაც საინტერესო პოტენციალს აჩენს.

გია ხუხაშვილი ეკონომიკურ გუნდში გადაადგილებებს ოპტიმიზმით უყურებს, თუმცა ჯერ რამეზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

"მოდით, მივცეთ ამ ადამიანებს 100 დღე, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან. ფაქტია, რომ ის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც დეკლარირებულია, არ გვაძლევს საფუძველს, რომ ძალიან დაიმედებული ვიყოთ. მე ვფიქრობ, უფრო რადიკალური და მასშტაბური ნაბიჯები აქვს ეკონომიკურ გუნდს გადასადგმელი, რომ მთავარ გამოწვევებს უპასუხოს. თავად კადრებთან მიმართებაში პრეტენზიები არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ გაუმჯობესება მოხდა. მთავარი კითხვა არის სხვა, სახელებს და გვარებს რომ თავი დავანებოთ, უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ ეს გუნდი იღებს პასუხისმგებლობას და მესამე მხარე არ აპელირებს. ეს არის ცენტრი, ვისთანაც პრეტენზია უნდა გვქონდეს, ან ვინც უნდა შევაქოთ. მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობით ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ზოგადად, მთლიანი მინისტრთა კაბინეტის შეფასებისას ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს მინისტრთა კაბინეტი წინას ჯობია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ტიპის წარმატების გარანტიებზე საუბარი შესაძლებელია.

"გაუგებარი იყო ჩემთვის კახა კალაძის მოძრაობები, რატომ წავიდა და დაბრუნდა ვერ გავიგე. გარდა ამისა, არაფერი მომხდარა. რაც შეეხება ძალოვან მინისტრებს, არავისთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ გარკვეული ცვლილებები იქაც რომ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა, რადგან კვირიკაშვილის მიმართ გაჩენილიყო განცდა, რომ ის არის მთავარი მენეჯერი. ვნახოთ, ძალიან კრიტიკული არ ვიქნები, მივცეთ 100 დღე და მარტში დავთვალოთ წიწილები", - აღნიშნა ექსპერტმა.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის ახალ შემადგენლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მექნიკური გადანაცვლება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განუცხადა, მათი მუშაობის შედეგებს მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ცომაიას მოცემულ მომენტში დიდი მოლოდინი არ გააჩნია.

"ჩემი აზრით, ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მექნიკური გადანაცვლება მოხდა. ერთადერთი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ახალი ადამიანით ჩანაცვლდა. ის, რაც "ქართული ოცნების" პროგრამაში იყო წარმოდგენილი, თუ რითი აპირებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტია ეკონომიკური ზრდის მიღწევას, ამასთან დაკავშირებით მე ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. ვფიქრობ, რომ პროგრამაში მითითებული პუნქტების შესრულება და იმ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდება, რაც "ქართულმა ოცნებამ" დაისახა. ამას ცოტა სხვა ტიპის კომპლექსური ღონისძიებები სჭირდება", - განაცხადა ცომაიამ.

აკაკი ცომაიამ თითოეული კანდიდატის შეფასებისგან თავი შეიკავა და იქვე დასძინა, რომ მათი საქმიანობა დროებამ, გარემოებამ და ასევე იმან უნდა შეაფასოს, თუ როგორ იმუშავებს თითოეული ადამიანი კონკრეტულ თანამდებობაზე.

"ჩვენ გვაქვს გამოცდილება ვთქვათ, რომ ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის ამ პოსტზე მუშაობას პირადად მე, მაინცდამაინც დადებითაც ვერ შევაფასებ. იქედან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში სინამდვილეში ბევრი ენერგეტიკული პროექტი გაჩერდა და საერთოდ ენერგოსექტორი საქართველოში ინვესტიციების მხრივ მაინცდამაინც არამიმზიდველი გახდა მაშინ, როდესაც მანამდე ენერგეტიკის სექტორი ითვლებოდა ერთ-ერთ ლოკომოტივად ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით", - განაცხადა ცომაიამ და დასძინა, რომ მას მოცემულ მომენტში დიდი მოლდინი არ აქვს, თუმცა "რა, როგორ და რანაირად იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს".

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილია წარდგენილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერობის, ენერგეტიკის მინისტრობის პოსტზე - კახი კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - მიხეილ ჯანელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე - დავით სერგეენკო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტზე - სოზარ სუბარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე - ალექსანდრე ჯეჯელევა, სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე - ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე - ზურაბ ალავიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე - მიხეილ გიორგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი პოსტზე - ტარიელ ხეჩიკაშვილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ლევან იზორია, იუსტიციის მინისტრის პოსტზე - თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე - გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე - კახა კახიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე - გიგლა აგულაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ვიქტორ დოლიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - ქეთევან ციხელაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუერთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მას მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."