"ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის პოზიციას ბრალდების მხარე არ დაეთანხმება. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს "ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბრალდებას "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
"ადვოკატმა წინა პროცესზე განაცხადა, რომ წარმოადგენდა დოკუმენტაციას ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გავეცნობით ამ დოკუმენტაციას და პოზიციას. ამის შემდეგ დავაფიქსირებთ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ მოტივით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღობისძიების შეცვლის პოზიციას არ ვეთანხმებით", - განაცხადა გუმბერიძემ.
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.
როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს წონაში სწრაფი კლების გამო გამოკვლევები ჩაუტარდება.