ევროპამ, სანამ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემს, "შეჩერების მექანიზმი" მიიღო და ჩვენ ვზეიმობთ, თან ვზეიმობთ ისე, რომ არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს. ისიც არ ვიცით ჯერ საბოლოოდ მივიღებთ თუ არა ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ. მთავრობა დუმს.
განმარტებები არ არსებობს. პერიოდულად მხოლოდ დადებით მხარეზეა ლაპარაკი. დაჟინებით გვახსენებენ, რომ ჩვენ დაუნახავებმა უნდა დავინახოთ, თუ რას მიაღწია ხელისუფლებამ.
არაფერზე საუბრობენ პოლიტოლოგებიც. ინტერვიუს ინტერვიუზე ვკითხულობ გაურკვეველი ვარაუდებით. ყველას დასკვნა კი ერთია, თუ როგორ არ უნდა დაარღვიონ საქართველოს მოქალაქეებმა "ვიზალიბერალიზაციით" გათვალისწინებული ვადები. სულ ეს არის! აი, ის ფრაზა, რომელიც მაღიზიანებს: "ქართველებმა უნდა შეიგნონ..." კი, მაგრამ თქვენ არ უნდა შეიგნოთ პოლიტიკოსებო, რომ ქვეყანას მართავთ და მთელი რიგი პასუხისმგებლობები თქვენზე მოდის? ამგვარი დამოკიდებულება მაფიქრებინებს, რომ უარყოფითი შედეგების გამოწვევის შემთხვევაში, მთელ თქვენს უნიათობას ხალხს გადააბრალებთ.
ვიდრე ჩემს მთავარ სათქმელს დავწერდე, ჩვეული გულწრფელობით უნდა გითხრათ: ვინც გასაქცევი იყო ამ ქვეყნიდან, უკვე გაიქცა, ვინც დევნილად წავიდა, უკვე გადადგა ეს ნაბიჯი, ვინც საზღვარგარეთ "აიწყო" ცხოვრება, უკვე დამკვიდრდა იქ და ვინც, ჩემსავით იდიოტი იყო და დაბრუნდა სამშობლოში, უკვე აქ არის. დღესაც კი, სავიზო რეჟიმის ამ პირობებში, თუ ვინმეს სურს გასვლა ქვეყნიდან, ოფიციალურად გადიან, თუ არალეგალად სურთ, ამასაც კარგად ახერხებენ. მაინტერესებს, რომელ მასიურ გადინების ვარაუდსა და დარღვევებზეა ლაპარაკი? რისი გეშინიათ? ის ხუთი, მშიერი კაცი, რომელიც ქვეყანაში უიმედოდ დაგრჩათ არ მოიფიქროს და უცებ, ევროპა არ ნახოს?
ფულიანო პოლიტიკოსებო, თქვენ ხომ უპრობლემოდ დაფრინავთ ევროკავშირის ქვეყნებში? ამიტომ, მხოლოდ ევროპისკენ გადადგმულ ნაბიჯად კი ნუ ასაღებთ აღნიშნულ შეთანხმებას, სულ ცოტა სრულყოფილი ინფორმაცია მაინც ჩამოიტანეთ ჩვენი პარტნიორებისგან, რას გულისხმობს შეჩერების მექანიზმი? ან რატომ გახდა პრინციპული მისი მიღება?
ერთ-ერთმა დეპუტატმა (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ), მხიარული სახით მხოლოდ ის გვაუწყა, - ჩვენმა პარტნიორებმა გვითხრეს, თქვენც ევროპელები ხართო და ვაშა, რა კარგია, " გამოცხვა" ინტერვიუ. მაპატიეთ, ცოტა არასრულფასოვნების კომპლექსი ხომ არ გვაწუხებს?! თქვენ იმ ხელისუფლების წევრები არ ხართ "ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება" სიმბოლურ საგნად, რომ აქციეთ?
მოეშვით არასერიოზულობას. საკითხი გაცილებით პრობლემურია. მაქვს გრძნობა, რომ მიგრაციის კრიზისის ფონზე ევროპას უფრო სჭირდება ჩვენნაირი, მესამე ტიპის ქვეყნები, დევნილთა შესაკავებლად, ვიდრე დღეს ჩვენ ვიზალიბერალიზაცია.
რომელი უფრო მთავარი შეკითხვაა დღეს: როდის გაფრინდება საქართველოს პირველი მოქალაქე უვიზოდ(?!) ევროპაში თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება დაკისრებულ ვალდებულებებს? იმას, რომ კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილები შესაძლოა ჩვენს ქვეყანასაც მოაწყდნენ? ილაპარაკეთ იმაზე, რომ თავის დროზე ჩემი ქვეყანა სამი ყველაზე საშიში ჯიჰადისტური ორგანიზაციის: "თალიბანის", " ალქაიდას" და "ისლამური სახალიფოს" პირდაპირი დაინტერესების საგანი იყო. ხომ არ არსებობს საშიშროება, რომ ჩვენი ქვეყანაც აღმოჩნდეს ტერორიზმის პირისპირ? ან იქნებ, საქართველოს გავლით მოახერხოს ტერორისტმა ევროპაში გასვლა, ამ შემთხვევაში ისევ ქართველი ხალხის ლანძღვას მოჰყვებით თუ შესაბამის ზომებს მიიღებთ? ანაც, რა პასუხისმგებლობას აკისრებთ ევროკავშირს?