პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა და მოგვიანებით კენჭისყრით მხარი დაუჭირა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კოლეგებს აღნიშნული დოკუმენტის მიღება მიულოცა.

"ჩვენ სამი მოსმენით მივიღეთ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კანონპროექტთა პაკეტში წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვრება 28 წევრით. უქმდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტი. ახლებურად ყალიბდება სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეთა თანამდებობაზე გამწესების საკითხი, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად, მათ შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეები აირჩევენ. ცვლილებით ცალკეული პროცედურული საკითხებიც განისაზღვრება.

მეორე მოსმენით განიხილეს დღეს "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" პროექტი, რომელიც პარლამენტის წევრმა, გიორგი კახიანმა წარადგინა. პროექტის შესაბამისად მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით პარლამენტის ბიურო ამტკიცებს.

ამასთან, ძალადაკარგულად ცხადდება "საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილება.

მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილეს კანონპროექტი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი კანონპროექტების პაკეტი.

წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ანდა მომსახურების გაწევისას, აგრეთვე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის შეთავაზების და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. აღნიშნულისგან განსხვავებული წესი შეიძლება დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

დოკუმენტის შესაბამისად საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულისაგან (საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით) გასხვავებული წესი, აგრეთვე სესხის, საბანკო კრედიტის გაცემის ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.

მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და დედოლარიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის. მან წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კანონპროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა და რადგან საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება, კანონპროექტთა პაკეტი მესამე მოსმენით განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადაეცა.

მესამე მოსმენით განიხილეს "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" პროექტი, რომელშიც მეორე მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა.

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განსახილველად წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ". დადგენილება მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნას, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება 14 წევრით. კომისია, უფლებამოსილების ვადით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ქმედით ღონისძიებათა კოორდინირებას, მათ განხორციელებაზე საპარლამენტო კონტროლის დაწესებას, დეოკუპაციის მიზნით საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას, სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობას, შესაბამისი გადაწყვეტილებების, პროექტებისა და დასკვნების მომზადებას, რეკომენდაციებისა და წარდგინებების შემუშავებას. კომისია შეისწავლის არსებული კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, უახლოეს მომავალში გაიმართება კონსულტაციები პერსონალურ შემადგენლობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი "საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ" პარლამენტის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

მისი განმარტებით, პარლამენტის ახალი შემადგენლობის გზავნილები 2013 წლის 7 მარტს მიღებულ დოკუმენტს ეფუძნება, რითაც ქვეყნის საგარეო კურსის ურყევობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ კიდევ ერთხელ მკაფიოდ ფიქსირდება.

რეზოლუციის შესახებ, თავინთი პოზიციები დააფიქსირეს ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობისა და უნცირესობის წარმომადგენლებმა. წარმოდგენილ დოკუმენტი, პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად ერთხმად, 91 ხმით მიიღეს.პარლამენტმა კენჭი უყარა ასევე დღის განმავლობაში განხილულ საკითხებს.სხდომის დასასრულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კოლეგებს და საქართველოს მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."