თავდაცვის სამინისტრო უწყებიდან გათავისუფლებულ პირებზე 5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაციას გასცემს

თავდაცვის სამინისტრო უწყებიდან გათავისუფლებულ პირებზე 5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაციას გასცემს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციის შედეგებზე ისაუბრა.

როგორც იზორიამ დღეს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რეორგანიზაციის შედეგად შეიარაღებულ ძალებში კადრების განკარგულებაში გადავიდა 76 ოფიცერი და 88 კაპრალ-სერჟანტი. მისივე ინფორმაციით, 209 ოფიცერმა კი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები, ხოლო მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 197 500 ლარი შეადგინა. კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით. კერძოდ, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი მიიღებს - 10 000 ლარიან კომპენსაციას, კაპიტანი - 14 000 ლარს, მაიორი - 18 000 ლარს, ვიცე-პოლკოვნიკი - 23 000 ლარს, პოლკოვნიკს - 29 000 ლარი.

ამავე უწყების ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში სამოქალაქო პირების რაოდენობა 4 870 იყო, ოპტიმიზაცია ძირითადად ეხება სწორედ სამოქალაქო პირებს. მათგან ე. წ. ვარსკვლავიან შტატზე იმყოფებოდა 3 181 პირი და შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა შეადგენდა 1 689. ამ დროისთვის კადრების განკარგულებაში 502 სამოქალაქო პირია გადასული.

"რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია ძირითადად შეეხება სამოქალაქო პირებს. ამ მხრივ პრობლემა წლების განმავლობაში არსებულ ე.წ. ვარსკვლანიან თანამდებობებთან დაკავშირებით არსებობდა, რაც გაუქმდა. არსებულ კანონმდებლობაში არსებობს სამხედრო ან საჯარო სამსახური, თუმცა ე.წ. ვარსკვლავიანი თანამდებობის შესახებ არაფერია გათვალისწინებული ანუ, მოჰყავდათ ქუჩიდან, ასაქმებდნენ და აძლევდნენ წოდებას კვალიფიციკაციის მიუხედავად. სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ ასეთი თანამდებობის გაუქმების. რაც შეეხებათ კადრებს, ჩვენ შევქმენით კომისია, რომელიც სწორედ სამოქალაქო პირების კვალიფიკაციას შეაფასებს და ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს ობიექტური კრიტერიუმებით", - განაცხადა იზორიამ.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა გავლის წესის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის ბრძანების თანახმად, რეორგანიზაციის და შტატების შემცირების შედეგად, სამხედრო პირები კადრების განკარგულებაში 4 თვის განმავლობაში იქნებიან, თუ მათთვის ამ პერიოდში არ მოხდა სხვა თანამდებობის შეთავაზება. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას, სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის, გათავისუფლების შესახებ, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, სამხედრო მოსამსახურეები 2 თვის სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ, ხოლო სამოქალაქო პირები - ერთი თვის. სამოქალაქო პირების დასაქმების საკითხს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსებისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი, ხოლო სამხედრო პირების სამსახურის გაგრძელების სახით J1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი განიხილავს. შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება კადრების განკარგულებაში მყოფი პირების განათლება, კვალიფიკაცია, გამოცდილება", - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეორგანიზაციისა და შტატების ოპტიმიზაციის საკითხთან დაკავშირებით გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, 2016 წლის 12 ნოემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განიხილა არსებული საშტატო სტრუქტურები და ოპტიმიზაციისთვის საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავა. სამუშაო ჯგუფმა შეაფასა გარკვეული თანამდებობების საჭიროებები, გამოავლინა დუბლირებული ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეულები და საბოლოო რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის გადასცა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას.

მინისტრის თქმით, შეიარაღებულ ძალებში გაუქმდა გარკვეული დეპარტამენტები, რომლებიც წმინდად სამოქალაქო ფუნქციებს ასრულებდნენ, თუმცა ამ ფუნქციებზე უარი არ გვითქვამს. ოპტიმიზაციის რაოდენობა შევინარჩუნეთ და მოხდა სამოქალაქო ოფისში თავმოყრა.

"რაც შეეხება სამხედრო პოლიციას, ჩავატარეთ საფუძვლიანი ანალიზი, თუ როგორი იყო თანაფარდობა მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებსა და გამომძიებლებსა და ოპერატიულ მუშაკებს შორის. თანაფარდობა იყო ძალიან არაპროპორციული. შესაბამისად, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილებები თანაზომიერ რაოდენობებთან დაკავშირებით. ჩვენ ჩავატარეთ ტესტირება და შეფასების შედეგად გამოვავლინეთ საუკეთესოები. რაც შეეხება ინფორმაციას სამხედრო პოლიციის ბატალიონებიდან სამოქალაქო პირების დათხოვნის შესახებ. ეს გადაწყვეტილება მოხდა ნატო-ს სტანდარტებიდან გამომდინარე. ნატო-ს წევრ ქვეყნებში ბატალიონები დაკომპლექტებულია სამხედრო პირებით და არა სამოქალაქო პირებით", - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელვანია აღინიშნოს ისიც, რომ გაუქმების მიუხედავად ე.წ. ჰაუპტვახტის მიმართულებით დასაქმებული პირები ხელფასს მაინც იღებდნენ.

ამასთან, სახელმწიფოსგან ალტერნატიული შეთავაზებები გაკეთდება ვეტერანებზე, რომლებსაც ოპტიმიზაციის პროცესი შეეხება.

"ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ვეტერანებს, რომლებმაც ამ ოპტიმიზაციის ფარგლებში შესაძლოა სამსახური დაკარგონ. ორი კვირის წინ ბატონმა პრემიერმა გარკვეულ სამინისტროებს მისცა დავალება, რომ ცალკეულ პროგრამებში ჩაერთონ ეს ადამიანები. გუშინ ვესაუბრე სოფლის მეურნეობის მინისტრს და მომავალ წელს იგეგმება მათთვის გარკვეული ინიციატივების შეთავაზება, რათა მათ ჰქონდეთ უპირატესი უფლება იმისთვის, რომ დასაქმდნენ. სახელმწიფო იმ ვალდებულებას, რა ვალდებულებაც მათ ღვაწლს უკავშირდება, ადეკვატურ პასუხს გასცემს. შევადგენთ სიას ამ ადამიანების და მე პირადად ჩავერთვები ამ პროცესში, რომ მაქსიმალურად მოხდეს მათთვის ალტერნატიული შეთავაზების გაკეთება", - განაცხადა იზორიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."