ანა დოლიძე - ხომ არ ნიშნავს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას განცხადება, რომ მოსამართლეობის კანდიდატებზე გადაწყვეტილება გუნდურად იქნება მიღებული?

ანა დოლიძე - ხომ არ ნიშნავს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას განცხადება, რომ მოსამართლეობის კანდიდატებზე გადაწყვეტილება გუნდურად იქნება მიღებული?

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საპარლამენტო უმრავლესობას ურჩევს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არა გუნდურად, არამედ ინდივიდუალურად მიიღონ.

როგორც ანა დოლიძე განმარტავს, თუკი გადაწყვეტილების გუნდურად მიღება იმას ნიშნავს, რომ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, პრეზიდენტის ადმინისტრაციას კითხვები გაუჩნდება.

"თავისთავად ის, რომ უკვე ერთი წელი ხდება, რაც უზენაეს სასამართლოში არსებული ვაკანსიების შევსება ჭიანურდება, არავისთვის არ არის კარგი. ეს არ მეტყველებს იმ ხალხის სასარგებლოდ, ვინც ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა დღეს მოვისმინეთ ერთი მხრივ კარგი განცხადება, რომ არ სურთ ამ საკითხზე წინასწარ ლაპარაკი, მაგრამ ამავე დროს მოვისმინეთ საინტერესო მსჯელობა, რომ წარდგენილ სამ კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება გუნდურად. მე მინდა კითხვები დავსვა ამ ტერმინთან დაკავშირებით - რას ნიშნავს გუნდურად გადაწყვეტილების მიღება? საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები, თუ ვინ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. რას ნიშნავს, როცა ამ სიტუაციაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება იქნება გუნდურად მიღებული? საქართველოს პარლამენტის წევრს ინდივიდუალურად არ შეუძლია თვითონ იმსჯელოს არსებულ 3 თუ 4 კრიტერიუმს შეესაბამება თუ არა კონკრეტული კანდიდატი? - რა თქმა უნდა, შეუძლია. ხომ არ ნიშნავს გუნდურად გადაწყვეტილების მიღების მითითება, რომ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური? თუ ეს ამას ნიშნავს, მაშინ აქ მე მიჩნდება კითხვები, იმიტომ რომ კონკრეტულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა არის პროცესი, რომელიც არ უნდა იყოს პოლიტიკის ნაწილი. ეს უნდა იყოს პროცესი, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრები ობიექტურად იმსჯელებენ, რომ სისტემა დააკომპლექტონ კვალიფიციური, ობიექტური და დამოუკიდებელი ადამიანებით", - განაცხადა დოლიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ რომელიმე კანდიდატზე ვერავინ იტყვის, რომ არ არის კვალიფიციური, კარგი იურისტი ან გამოცდილი.

წინა მოწვევის პარლამენტმა, 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე, პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ თამარ ლალიაშვილს, ნონა თოდუას და ასევე, ანა დოლიძეს მხარი არ დაუჭირა. ამის შემდეგ ლალიაშვილისა და თოდუას კანდიდატურები პრეზიდენტმა პარლამენტს ხელახლა წარუდგინა. ანა დოლიძის ნაცვლად კი, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა, უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა არის წარდგენილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."