ელენე ხოშტარია: "ჩემი ოთხი შვილი შოკია ხოლმე ბევრისთვის!"

ელენე ხოშტარია: "ჩემი ოთხი შვილი შოკია ხოლმე ბევრისთვის!"

ელენე ხოშტარია, პარლამენტარი, 37 წლის - პროექტისთვის #ქალებისაქართველოდან

"მე ჩემი თავი ყოველთვის აქტიური მახსოვს. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც. საქმის კეთება ყოველთვის იყო ჩემთვის პრიორიტეტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქტიური ცხოვრება ხელს არ მიშლიდა ინტენსიურ პირად ცხოვრებაში. 2004 წელს, როცა მუშაობა დავიწყე, როგორც საჯარო მოხელემ, ზუსტად იგივე რეჟიმი მქონდა, როგორც ახლა. შესაძლოა ახლა უფრო ვჩანვარ, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა საქმისადმი, ჩემი რეჟიმი ყოველთვის ერთი და იგივე იყო. მაშინ ერთი შვილი მყავდა. 2012-ში გავაჩინე მეორე და 2014-ში კიდევ ორი.

არასოდეს არ მქონია ის დილემა, რომ, აი, ახლა თუ ბავშვს გავაჩენ, საქმეს ვერ გავაკთებ ან ბევრ საქმეს თუ გავაკეთებ, ბავშვს ვერ გავაჩენ. მაგალითად, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ნახევარ საათში მივეცი ინტერვიუ. პარასკევს რომ გავაჩინე, ორშაბათს სამსახურში ვიყავი. რა თქმა უნდა, დროის ფაქტორი არსებობს, თუ რამდენ დროს უთმობ შვილს, მაგრამ დროშიც ხარისხს უფრო აქვს მნიშვნელობა. თუ ხარ ბავშვთან ერთი საათი დღეში და იმ ერთ საათს ბოლომდე უთმობ, ეს ძალიან ბევრი რაღაცის კომპენსირებას ახდენს. დაკავებული დედის ან შემდგარი დედის სახე ბავშვისთვის ბევრად უფრო მეტის მომცემია. ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, არის, რომ, მაგალითად, ზეიმია და შეიძლება ვერ წახვიდე, იქ არ იყო ბავშვისთვის მნიშვნელოვან მომენტში. ამას მეც ძალიან განვიცდი ხოლმე, მაგრამ ყველაფრის ახსნა შეიძლება და მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს აუხსნი, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მომიხდა გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მინდოდა იქ ვყოფილიყავი და ძალიან მწყდება გული, რომ ვერ მოვახერხე. ოღონდ, ამას არ უნდა იტყუებოდე, რა თქმა უნდა.

მგონია, რომ თითქმის არაფერია შეუძლებელი. შეიძლება, რაღაც მომენტში, ჯანმრთელობის ხარჯზე მოხდეს ეს, გადაიწვა, მაგრამ არც ესაა დრამატული. თუ ადამიანს დაუძლეველი სურვილი აქვს რაღაცის კეთების, შეუძლია ამის ოჯახთან შეთავსება. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ბარიერები და სტერეოტიპები და მათი გარღვევა ძალიან ძნელია. შეიძლება მეტი წინაღობა შეგხვდეს, თუ, მაგალითად, შენს გარემოში მიაჩნიათ, რომ ქალი არ უნდა მუშაობდეს. მაშინ, რა თქმა უნდა, ბევრად რთულია რამეს მიაღწიო იმიტომ, რომ მეტი წინაღობა გაქვს. ერთადერთი, რაშიც მე ოჯახის შექმნამ და ბავშვების გაჩენამ ხელი შემიშალა იყო გარკვეული გეგმები, რომ საზღვარგარეთ მინდოდა მესწავლა, სადოქტორო გამეკეთებინა. ახლა ოთხი ბავშვით რომ ვეღარ წავალ, ეგ ვიცი.

სტერეოტიპი, რომ თუ საზოგადოებრივად აქტიური ხარ, მაშინ პირადი ცხოვრება არ გაქვს, ჩემ თავზეც მიგრძვნია. ჩემი ოთხი შვილი შოკია ხოლმე ბევრისთვის. ის გამოთქმაც ხომ არის - "კაცივით ტვინი." როცა სტერეოტიპს არღვევ, "კაცის" იარლიყს გაკრავენ და მერე მიაჩნიათ, რომ თუ არ დგახარ მაღალ ქუსლებზე მუდმივად, ძალიან დატვირთული მაკიაჟით, ესე იგი, პირადი ცხოვრება არ გაქვს. ამ დროს ეს აბსოლუტურად სტერეოტიპულია იმიტომ, რომ არცერთი დღე არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არ ყოფილიყო ძალიან ინტენსიური და ემოციური. ამიტომაც უკვირთ ჩემი ოთხი შვილი, რაც, რა თქმა უნდა, არ გაუკვირდებათ ქალისგან, რომელიც სახლში ზის. კიდევ, ძალიან უკვირთ ხოლმე, როცა ვამბობ, რომ მიყვარს საჭმლის კეთება. ეგეც სტერეოტიპია - ან საჭმელს აკეთებ, ან ქტიური ხარ.

ქალების თემა, ზოგადად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტი, მე მგონი, რაც შემიძლია როგორც პოლიტიკოსმა გავაკეთო ამ თვალსაზრისით, არის პირადი მაგალითის ჩვენება. თუ შემიძლია ქალები წავახალისო საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, ამის მაგალითი სიამოვნებით ვიქნები"

© 2016 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით #ქალებისაქართველოდან

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს? ეს "პრაიდით" არ მთავრდება, მიზანი არის..." - ანდრია ჯაღმაიძე დღევანდელ მოვლენებზე

"მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს" - საპატრიარქო