მიხეილ სააკაშვილი უგულავაზე, ივანიშვილსა და "მის გამო დასჯილ" პოლიტიკოსებზე

მიხეილ სააკაშვილი უგულავაზე, ივანიშვილსა და "მის გამო დასჯილ" პოლიტიკოსებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობიდან" ბოკერია-უგულავას ჯგუფის გასვლას დადებითად აფასებს.

როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, აღნიშნულმა ჯგუფმა ვერ მოახერხა განახლება და ვერ მოერგო პარტიულ და ოპოზიციურ მოღვაწეობას. "მართალი გითხრათ, "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციის და დაჭაობების ნიშნები. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ის ხალხი, ვინც იყო ხელისუფლებაში, ძალიან ძნელად გადადის სხვა მდგომარეობაში. ეს არის ოპოზიციური მდგომარეობა. ის ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. ისინი ბოლომდე ვერასდროს მოერგნენ ხელახალ პარტიულ, ოპოზიციურ მოღვაწეობას. ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც ვერ მოახერხა განახლება, ჩამოშორდა პარტიას და ეს არის დადებითი პროცესი", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი პროცესი "ნაციონალურ მოძრაობაში" პირველად არ მომხდარა. "ეს პროცესი "ნაციონალურ მოძრაობაში" პირველად არ მომხდარა. "ნაციონალური მოძრაობის" ისტორიის განმავლობაში რაღაც ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. "ნაციონალური მოძრაობა" რატომ დავარქვი თავის დროზე?! იმიტომ, რომ სულ წინ მიდიხარ, ხდება განვითარება. განვითარების პროცესში რაღაც უჯრედები კვდებიან, რაღაც ახალი უჯრედები იბადებიან. ეს არის განახლების პროცესი", - განაცხადა სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტმა კონკრეტულად გიგი უგულავას შესახებაც ისაუბრა.

"რაც შეეხება გიგის, მართლა ადამიანურად ძალიან მიხარია, რომ ის არის გარეთ. ახალგაზრდა, ჯან-ღონით აღსავსე, რამდენიმე წლით გაამწესეს საპატიმროში მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეეძლო და როგორც შეეძლო, თავისი უნარების ფარგლებში მე მეხმარებოდა ამ რთული უბნის, თბილისის განვითარებაში და მე ამისთვის მისი მადლობელი ვარ. უკიდურეს უსამართლობად მიმაჩნია ამისთვის მისი დასჯა. მე ვიცი, რომ ის ჩემ გამო დასაჯეს, როგორც სხვები. ივანიშვილის მთავარი პრობლემა ვარ მე. მე ვიცი, რომ ჩემ გამო დაისაჯა ეს ხალხი. ეს ასეა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ციხეში მყოფებიდან მის წინააღმდეგ ჩვენება არავის მიუცია და იგი ამას აფასებს.

"ვაფასებ, რომ ეს ხალხი ტყუილებს მაინც არ წერს. ის, რომ ჩემ გამო დაისაჯნენ, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე. კი, მე მესმის ფსიქოლოგია, როდესც ვიღაცის გამო ისჯები, მტკივნეულია. ეს ჩემ გამო არ იყო. ეს იდეის გამო იყო. ჩვენ ყველანი ვემსახურებოდით ამ იდეას", - დასძინა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, მისი კონცენტრაცია მიმართულია ივანიშვილზე და არა პარტიიდან წასულებზე, რომლებმაც "თავისი თავი პრაქტიკულად პოლიტიკური ველიდან გაიყვანეს".

ექსპრეზიდენტმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა. იგი დაეთანხმა იმ აზრს, რომ გიგი უგულავა ციხიდან ივანიშვილმა გამოუშვა.

"უკრაინაში ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ოლიგარქები ვერ დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში. ოლიგარქებისთვის წარმოდგენაც კი ძნელია, სიტუაციას უყურებდეს და არაფერს აკეთებდეს. ყველა ხე სად დგას, იმას აკონტროლებს და რომელი პოლიტიკოსი სად დგას, მაგას არ გააკონტროლებს?! მით უმეტეს, აგერ, შექმნის პარტიას, გაანადგურებს; გამოწევს ვიღაცას წინ, შეწევს. გამოწია ალასანია, შეწია ალასანია. მერე ალასანია აჯანყდა, მოაშორა პოლიტიკური ველიდან, მაგრამ მისი ხალხი დანიშნა თანამდებობებზე. ეს ხომ ერთობა მათით, როგორც სათამაშოებით", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილის ოცნებები რომ განხორციელებულიყო, უკვე 27 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო ყრილობა, რომელსაც უნდა გაეფორმებინა ახალი თავმჯდომარის არჩევა, გამოეცხადებინა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ისტორია.

"მე ზუსტად ვიცი, წინა რამდენიმე გასვლა "ნაციონალური მოძრაობიდან" დაკავშირებული იყო ფინანსებთან. თვითონ ივანიშვილმა მოყვა ამის შესახებ და არავის უარუყვია. ხომ გახსოვთ, რა მოხდა "გირჩთან" დაკავშირებით, რა მოხდა მეორე ჯგუფთან დაკავშირებით. იქ იყო მთელი ფინანსური გარჩევები და ერთი ამბები. ამიტომ იქ, სადაც ოლიგარქია, ყოველთვის ეს კითხვის ნიშანი არის ბუნებრივი. ივანიშვილს საერთოდ არ შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა, თუ მას არ აქვს ფულადი ურთიერთობა. დღეს ივანიშვილის ოცნებები რომ განხორციელებულიყო, უკვე 27 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო ყრილობა, რომელსაც უნდა გაეფორმებინა ახალი თავმჯდომარის არჩევა, გამოეცხადებინა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ისტორია, რომელიც არა უშავს რა, მაგრამ ჩავაბარეთ წარსულს, ჩვენ ვართ ახლები, ჩვენთან შეიძლება ლაპარაკი და "ნაციონალური მოძრაობა" როგორც ხალხმა იცის შეწყვეტდა არსებობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება იდეა და იდეალისტები.

"ივანიშვილმა ყველაფერი გათვალა. პარტიის ლიდერშიპის უმეტესი ნაწილი ადგილზე ამ სცენარს მიჰყვებოდა, სხვადასხვა მოტივაციით ალბათ. ეს არ განხორციელდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, აღმოჩნდა ერთი ფაქტორი, სრულიად გაუთვალისწინებელი, რაც ივანიშვილს ბოლომდე არ ესმის - რამდენიმე ათეული ათასი გულანთებული პატრიოტი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომლებმაც თქვეს - ნურას უკაცრავად, ჩვენ ვართ აქ მთავარი, არა ეს ხალხი, ვისაც თანამდებობები ან კაბინეტები აქვს, ვინც კომფორტულად გრძნობს თავს, ვინც ხელფასებს იღებს, კარგი მანქანით დადის, კარგს ჭამს სვამს, ჩვენ, ვინც ეს პარტია ათრია, ჩვენ, ვინც შევქმენით ქართული სახელმწიფო. ხვალ თუ მიშა იქნება ამის წინააღმდეგი, მიშას წინააღმდეგაც წავალთ, ასე მომისმენია მე ხშირად. რეები არ ეძახეს - ბელადომანები, უბედურებები. მიუხედავად იმისა, რას ამბობენ, ეს არის ძალიან განათლებული ხალხი, ძალიან დახვეწილი, ზუსტად გააზრებული აქვთ მართლა რისთვისაც იბრძოდნენ. შეიძლება მარიფათი ისეთი არ აქვთ, როგორც ზოგიერთს, იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაცის თვალში ჭკვიანია ის, ვინც ქიციც იცის და ქიცმაცურიც, ყველაზე მეტად რა გამოთქმასაც ვერ ვიტან საქართველოში. მე არ ვიცი ქიციც და ქიცმაცურიც და ამ ხალხმაც არ იცის ქიციც და ქიცმაცურიც, მათ იციან იდეალი, საქართველოს სჭირდება იდეალი და იდეალისტები. რა დაამარცხებს ოლიგარქს და მის ფულს?! მხოლოდ იდეა და იდეალისტები. ჩვენ ოლიგარქს ვერ მოვუგებთ ფულით, ვერ მოვუგებთ ძალით, ვერ მოვუგებთ ვერაგობით და ცბიერებით, ვერ მოვუგებთ ტყუილებით, რადგან მაგის მსოფლიო ჩემპიონია. ჩვენ მოვუგებთ მხოლოდ იდეით და იდეალისტებით. ამიტომ ის, რომ პარტიაში რჩება იდეური ხალხი და იდეალისტები და სხვა ხალხი, ვინც დაიღალა, ჩამოიშალა და ზოგიერთი შეიძლება გაიყიდა კიდევაც, არ ვიცი, ეს დადებითი პროცესია, ამიტომ 20 იანვარს ყრილობამ უნდა აჩვენოს, დაუსვას ამას დიდი წერტილი", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პრობლემა იმაში არ არის, რომ იდეის გამომხატველი მხოლოდ თავად არის, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ პარტიიდან გასული წევრები აღარ გამოხატავდნენ იდეას.

"პრობლემა იმაში კი არ არის, რომ იდეის გამომხატველი მარტო მე ვარ, გამომხატველი ბევრად მეტია, პრობლემა იმ ხალხს ჰქონდა, ვინც გავიდა, რომ ისინი აღარ იყვნენ ამ იდეის გამომხატველები. ისინი გაბიუროკრატდნენ, ისინი მოწყდნენ ამ ხალხს, მათ დაეტყოთ, რომ სხვა მოტივაცია ჰქონდათ და აღარ ჰქონდათ ის ამაღლებული მოტივაცია. ბევრ მათგანს აღარ სჯეროდა, ბევრი მათგანი დაიღალა, ბევრ მათგანს ჰქონდა ის მომენტი, რომ მოდი მოვერგოთ იმას, რაც არის", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."