ვის დარჩება "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკური გავლენა ორად გაყოფილი "ნაციონალებიდან"

ვის დარჩება "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკური გავლენა ორად გაყოფილი "ნაციონალებიდან"

"ნაციონალური მოძრაობიდან" უგულავა-ბოკერიას ფრთის გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში აქტიურად ისმის კითხვა, რომელ ფლანგს დაუჭერს მხარს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი და ამჯერად, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მასთან ერთად, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაც. ტელეკომპანია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია სამართლებრივ დავაშია ჩართული, ახლა პოლიტიკური არჩევანის ზღვარზეც აღმოჩნდა.

იხილეთ PALITRATV.GE-ზე: ვის დარჩება "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკური გავლენა

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ თავად გაავრცელა ე.წ. გიფი, რომლის შინაარსიც ასე იკითხება - დაბნეული ნიკა გვარამია ბოკერიასა და სააკაშვილს შორის არჩევანს ვერ აკეთებს. გვარამიას ხუმრობა იქით იყოს და რეალურად, დღეს ბევრს აინტერესებს, შეიცვლება თუ არა ტელევიზიისა და თავად გენერალური დირექტორის დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, რომელიც ყოფილ პროკურორს, პრინციპში, არც არასდროს დაუმალავს.

სანამ დაბნეულობა არჩევანით შეიცვლება, გთავაზობთ იმ გარემოებებს, რომლის მიხედვითაც ფაქტია, რომ ბევრი რამ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გემოვნებაზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული. მაგალითად, ტელევიზიის ფაქტობრივი მფლობელი გია ყარამანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარია - ისინი უკრაინაში ერთად სწავლობდნენ. შესაბამისად, თუ მიხეილ სააკაშვილისთვის ნიკა გვარამიას პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა, ტელევიზიის მფლობელს გენერალური დირექტორის შეცვლაც არ გაუჭირდება. ამ შემთხვევაში მთავარი ის იქნება, შეძლებს თუ არა ტელევიზიის დაფინანსებას სააკაშვილი და მისი უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენი მეგობრები - ძმები ლევან და გია ყარამანაშვილები. დაფინანსების მხრივ კი ბევრი რამ დავით კეზერაშვილის პოზიციაზეც იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელმა "რუსთავი 2"-ში ოფიციალურად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიჟღერა, როდესაც დავით კეზერაშვილმა ტელევიზიის მაშინდელი მფლობელისგან ლევან ყარამანიშვილისგან 40% 500 000 დოლარად შეიძინა, თუმცა ზუსტად ხუთ დღეში იგივე 40%-იანი წილი კეზერაშვილისგან ისევ ყარამანიშვილმა, ოღონდ ამჯერად ლევანის ძმამ – გიორგიმ ისევ 500 000 დოლარად შეიძინა. როგორც ამბობდნენ, ტელევიზიის ერთ-ერთი დამფინანსებელი ყარამანაშვილების გავლით, მაინც კეზერაშვილი იყო.

კეზერაშვილისა და ყარამანაშვილების გზები "რუსთავი 2"-ში მაშინაც გადაიკვეთა, როცა ყარამანაშვილს ტელეკომპანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ნათესავისთვის 400 000 აშშ დოლარად მიყიდვა სურდა, რის შედეგადაც მყიდველი "რუსთავი 2"-ის 51%-იანი წილის მფლობელი გახდებოდა. ამავე გარიგების თანახმად, 2017 წლის თებერვლამდე 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო ტელეკომპანიის მუშაობის უზრუნველსაყოფად. თუმცა საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა ამ ნაწილშიც დააკმაყოფილა და ქონება დააყადაღა, რათა სამართლებრივი დავის დასრულებამდე ტელევიზიის ქონება არ გასხვისებულიყო. თუ ისე მოხდა, რომ სააკაშვილს ზურგი კეზერაშვილმაც აქცია, შესაძლოა, უკრაინაში მცხოვრებ ძმებ ყარამანაშვილებს ტელევიზიის დაფინანსების პრობლემაც გაუჩნდეთ. აი, შემდეგ კი, სააკაშვილის პრინციპულობა გადაწონის თუ ბოკერიას ფინანსები, მხოლოდ უახლოესი მომავალი დაგვანახებს.

რუსა შელია

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."