ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული დათა კვარაცხელია და ალექსანდრე (ავთანდილ) ამირანაშვილი პატიმრობაში რჩებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ჯორბენაძემ მიიღო.
მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ დათა კვარაცხელია და ავთანდილ ამირანაშვილი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყვნენ, ვინაიდან აღარ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ფორმების გამოყენების საჭიროება.
როგორც ადვოკატებმა განმარტეს, არ არსებობს ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების ან მათ მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხეები, ვინაიდან საქმეზე გამოძიება დასრულებულია. ასევე ამირანაშვილის ადვოკატის თქმით, ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
დაცვის მხარის აღნიშნულ შუამდგომლობას სახელმწიფო ბრალდება არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში ჯერ კიდევ არსებობს აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ფორმის გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან ბრალდებულებმა იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია, თუმცა სამართალდამცავებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. საბოლოოდ მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.