ევროკავშირმა უკრაინასთან მიმართებაში გამოიჩინა როგორც წინდაუხედაობა, ასევე დაუფიქრებლობა, - განაცხადა საფრანგეთის "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა ბერლინში, "კონრად ადენაუერის ფონდში" სიტყვით გამოსვლისას.
"2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, ჩვენი უგუნური დაპირებებით უკრაინის ევროკავშირში შესვლის თაობაზე, ნატო-ს გაფართოებაზე ზოგიერთების განცხადებებით ჩვენ ცრუ იმედები გამოვიწვიეთ და გამბედაობა უნდა გვეყოს ეს ვაღიაროთ", - აღნიშნა ფრანსუა ფიიონმა.
მისი თქმით, საჭიროა მუდმივი გაფართოების დასრულება, ვინაიდან "ეს გეოგრაფიული წინ წაწევა ევროპელ ხალხს აწუხებს".
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი თურქეთის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "თურქეთის ადგილი ევროკავშირში არა არის".
"ჩვენ ვცხოვრობთ თურქეთთან ერთად კოლექტიური უარის თქმის რეჟიმში, რაც 50 წელზე მეტია გრძელდება. იმ იდეის განვითარება, რომ თურქეთი საბოლოოდ ევროკავშირს შეუერთდება ნიშნავს თურქეთის მოტყუებას და უპატივცემულობას. თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის. ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ შეცვლილა და არც შეიცვლება", - განმარტა ფრანსუა ფიიონმა.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ფრანსუა ფიიონმა აღნიშნა, რომ "რუსეთი ევროპული ქვეყნების მთავარი პარტნიორია".
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა რუსეთთან, რათა დავუპირისპირდეთ ტერორიზმის საფრთხეს. ჩვენს ორმხრივ ინტერესებში შედის სავაჭრო გაცვლის განვითარება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში. რაც უფრო მეტად მოხდება რუსეთის იზოლირება, მით უფრო მეტად რუსეთი ერთმხრივად გამოიყენებს თავის ძალას. ევროპასა და რუსეთს შორის ერთადერთ პერსპექტივად არ შეიძლება იყოს კონფრონტაცია", - დასძინა ფრანსუა ფიიონმა.