"ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიხარული და ბედნიერება მოვუტანო ხალხს. ჩემი პროფესია ამის საშუალებას მაძლევს. მე არტისტი ვარ", - კახი კავსაძე მართლაც, ნამდვილი არტისტია და ამაში იგულისხმება მისი მომხიბვლელობა, ნიჭიერება, მუსიკალურობა, ტემპერამენტი, ენაწყლიანობა, სიკეთე, ოპტიმიზმი...
***
- ზინა კვერენჩხილაძეს, არაჩვეულებრივ მსახიობსა და პარტნიორს, საშინლად არ უყვარდა, როცა უწმაწურ სიტყვებს ამბობდა ვინმე. ვინც მიცნობს, იცის, რომ ცხოვრებაში ცუდი სიტყვა არ დამცდენია (იცინის), ჰოდა, სამჯერ ვყავარ ზინას გალახული. თანაც მისი ხელი მტერს მოხვდა, საქართველოს ჩემპიონი იყო ფარიკაობაში. ერთი-ორჯერ ისეთი მომდო, სამი თვე დალურჯებული დავდიოდი. ბელამ იეჭვიანა კიდეც, ვინ დაგალურჯაო? ერთხელაც, რაღაც საშინელება ჩავიდინე და ზინა პირდაპირ მოსაკლავად გამომეკიდა. ვიფიქრე, ახლა თუ დამიჭირა, ცოცხალი ვეღარ გადავრჩები-მეთქი და რაც ძალი და ღონე მქონდა, კიბეზე ჩავრბოდი. უცებ, ფეხი გადამიბრუნდა და კოჭში მოვიტეხე. თურმე, სიწრისგან სულ მთლად მიტკლის ფერი დამდებია. ამ დროს ზინაც წამომადგა თავზე. არ მომკლა-მეთქი, - შევეხვეწე. მგონი, უკვე მოგკალიო, - მიპასუხა შეშინებულმა ზინამ (იცინის).
***
- ვლადიმერ მოტილის ფილმში "უდაბნოს თეთრი მზე" აბდულა შუააზიელ მსახიობს კი არ უნდა ეთამაშა, არამედ ქართველს. ეს რეჟისორის ახირება იყო. ამიტომაც, სინჯები ამ პერსონაჟის მოსაძებნად საქართველოში ჩაატარეს. მეც ვმონაწილეობდი და როცა, მეორედაც გამომიძახეს უკვე კონკრეტული ეპიზოდის გადასაღებად, მივხვდი, ჩემით დაინტერესდნენ. სასინჯ გადაღებაზე ცხენზე შემსვეს, რაღაც ფრაგმენტს იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად, პირველად ვიჯექი ცხენზე, მახსოვს მოვაჭენებდი, მოვაჭენებდი და ზუსტად კამერის წინ გავაჩერე ცხენი. გაგიჟდა კაცი, - ასე ზუსტად კადრს როგორ დაასვიო? გავიდა ცოტა ხანი და მომივიდა დეპეშა, სადაც მატყობინებდნენ, რომ აბდულას როლზე დამამტკიცეს. ასეთი შეტყობინებები მანამდეც მიმიღია და მას შემდეგაც, მაგრამ ამ ფილმზე დამტკიცება განსაკუთრებულად გამიხარდა. ეტყობა, წინასწარ ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი უნდა მეთამაშა.
ერთი კურიოზი მახსენდება: ბელა უნდა ჩამოსულიყო გადაღებაზე და ველოდებოდი აეროპორტში. იმ დღეს ფრენა გადაიდო. არადა, მეორე დღეს უკვე გადასაღებ მოედანზე ვიყავი და ვეღარ დავხვდი. ბელას მარტოს მოუხდა გადაღებაზე მოსვლა. რაღაც ეროტიკულ სცენას ვიღებდით. ისეთი არაფერი, წელს ზევით შიშველი ვიწექი ლოგინში, ერთი შიშველი ქალბატონი ზედ მეჯდა და ყურძენს მაჭმევდა (დღევანდელი თანამედროვე კინოს შემყურეს მეცინება, ეგ კადრი მაშინ პორნოგრაფიად რომ აღიქვეს და მოტილს ფილმიდან ამოაღებინეს). ამ დროს იღება პავილიონის კარი და შემოდის ბელა. შემოანათა, ისეთი ლამაზი იყო. იქაური გოგოები ამბობდნენ: ახლა ვხვდებით, კახი ჩვენ რატომ არ გვიყურებდაო (იცინის) განაგრძეთ კითხვა