ბათუმში კორონავირუსული ინფექციით "ლელო საქართველოს" ადგილობრივი წარმომადგენელი ირმა გოგიტიძე გარდაიცვალა. ამის თაობაზე ინფორმაცია "ლელოს" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა.
"სამწუხარო ამბავი გვაქვს აჭარიდან.
"ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის ოფის-მენეჯერი, ირმა გოგიტიძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. ირმა ერთ-ერთი პირველი ლელოელი, ჩვენი აქტიური წევრი და აჭარაში პირველი ოფიციალური თანამშრომელი იყო.ირმა გოგიტიძე ჩვენს გუნდს მაშინ შემოუერთდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიყავით პარტია, საზოგადოებრივ მოძრაობას ვქმნიდით და პირველ ნაბიჯებს ვდგამდით."ლელოს" სახელით გვსურს მივუსამძიმროთ მის ოჯახს და თანამებრძოლებს. ირმას გარდაცვალებამ ყველას გული გვატკინა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ირმა გოგიტიძის "ფეისბუქის" პირად გვერდზე, გამოსამშვიდობებელ პოსტებს წერენ მისი მეგობრებიც.
"ეს მაგარი გოგო დააკლდა ჩვენს გუნდს, ჩვენს ქალაქს ბევრი ჩვენგანის ცხოვრება გაიყო ორად: ირმასთან ერთად და ირმას გარეშე... მის დიდ ბათუმელობაზე, დიდ ადამიანობისა და ერთგულებაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ერთი წლის განმავლობაში (ერთად მუშაობის პერიოდში) შეძლო ის, რასაც ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ვახერხებთ - ყველას ჩვენი ირმა დაგვიტოვა, რომელზეც მხოლოდ სითბოთი ვისაუბრებთ. ყველაზე ზრუნავდა, მაგრამ მგონია, რომ მე განსაკუთრებულად მექცეოდა, დღის განმავლობაში ათჯერ მაინც შემოიხედავდა ოთახში: - რამე ხომ არ გინდა, ჩემო ოქრო, ჩემო სიცოცხლეო?
როცა გვაქვს შესაძლებლობა, სათანადოდ ვერ ვაფასებთ მსგავს დამოკიდებულებს, შეუძლებელია ერთი ადამიანი ამდენ სიყვარულს, სითბოს და მზრუნველობას გასცემდეს - ეს ყველაფერი კი ვერაგმა დაავადებამ წაგვართვა, პირველად მოვიდა ასე ახლოს და თან ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა. აღდგომას გილოცავ, ირმაკო, მჯერა, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე შეძელი შენი გოგუნიას გახარება, რომელზე დაუსრულებლად, დიდი სიყვარულ საუბრობდი. შენს დედიკოს, შენს ლენკასა და ზუკას გამძლეობა მისცეს უფალმა, ჩვენთან კი სამუდამოდ დარჩები. მართლაც უჩვეულო აღდგომა გათენდა ჩვენი ირმაკოსთვის ამ დღეს, 17 აპრილს, 55 წლის გახდა", - წერს ეკატერინე დავითაძე.
შეგახსენებეთ, ბათუმში ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, პაციენტს კორონავირუსი 23 აპრილს დაუდასტურდა და მდგომარეობა უსიპტომოდ მიმდინარეობდა.
სამინისტროს ცნობით, შესაბამისი უწყებები ფაქტს სწავლობენ.
"გარდაცვლილია 55 წლის ქალი, რომელსაც თავიდან აღენიშნებოდა რამდენიმე დღიანი ცხელების ანამნეზი. 23 აპრილს, დაუდასტურდა კოვიდინფექცია. 24 აპრილს მოთავსდა ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში. 26 აპრილს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები.
პაციენტის ბოლო 3 დღე იყო უსიმპტომო. შესაბამისად, გუშინ საღამოს 21.30 -ზე სასტუმროში ბოლო სამედიცინო შემოვლისას პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე. დილით, 12:00 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ფაქტის შესწავლა და გარდაცვალების მიზეზის დადგენა",- აცხადებენ უწყებაში.