"ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით" - დაპირისპირება ნიკა გვარამიას და მამუკა მდინარაძეს შორის

"ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით" - დაპირისპირება ნიკა გვარამიას და მამუკა მდინარაძეს შორის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის პირდაპირ ეთერში კამათი მოხდა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა მდინარაძე მოსამართლეების შესახებ საუბრობდა, მათ შორის დეპუტატმა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.

"გუშინ გახდა ცნობილი ამბავი, რომ მოსამართლეს, რომელსაც ნიკა გვარამია ესაუბრებოდა და იქ მილიონებზე იყო საუბარი, მართლაც დაუდასტურდა მილიონიანი ქონების თუ აქტივების შეძენის ფაქტი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აღნიშნულის შემდეგ ეთერში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩაერთო.

"თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც თანამშრომლობდა სახელმწიფოსთან მთელი 4 წლის განმავლობაში. ფულს იღებდით ამაში კლინეტებისგან და სახელმწიფოსგან, ჩვეულებრივ სუს-ის აგენტი იყავით", - მიმართა ნიკა გვარამიამ მდინარაძეს და დასძინა, რომ მდინარაძეს ეს დაუფასდა და გახდა "ქართული ოცნების" დეპუტატი.

ნიკა გვარამიას შეფასებით, მამუკა მდინარაძე, "არც ადვოკატად ვარგა და არც პოლიტიკოსად".

მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას მიმართა, რომ "ქართველი კაცის თავმოყვარეობასთან ასე შეხება არ შეიძლება".

"ვცდილობ მაქსიმალურად, რომ მაყურებელს პატივი ვცე და შეურაცხყოფაზე არ გადავიდე. თუ შეიძლება, როცა სიმართლეს მოისმენთ, ასეთ გამოხტომებს თავი დაანებეთ", - მიმართა მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას.

"რა უნდა მამხილოთ, თქვენ ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით იურისპრუდენციაში, თქვენ რა უნდა მამხილოთ?" - უთხრა გვარამიამ მდინარაძეს.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მდინარაძეს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ თუ არ მოსწონდა, ეთერი დაეტოვებინა.

ტელეკომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ჩანაწერებში საუბარი არის დამონტაჟებული და აღნიშნული ჩვენება პროკურატურას მისცა. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მამუკა ახვლედიანის საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, "აღნიშნული გამოხტომა" იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის დადასტურება, რომ სიმართლე არის ძალიან მწარე.

"ჩვენ ვიცით წარსულის გამოცდილება ბატონი გვარამიასი, მისი პოლიტიკური გუნდის", - აღნიშნა მდინარაძემ.

დეპუტატის განმარტებით, რაც შეეხება მის პირდად გამოცდილებას და იმას, თუ როგორი ადვოკატი იყო, ეს ბევრმა იცის და ამიტომ ამაზე პასუხს არ გასცემს.

"ამ ქვეყანაში სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და რაც არ უნდა შეტევები განახორციელონ, რაც არ უნდა რთული იყოს ჩემთვის ამ ეთერში ყოფნა და ასე საუბარი, მაინც შევეცდები, რომ ამ მოთმინებით, რაც დღეს გამოვამჟღავნე, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო, ჩვენი სამშობლოს დემოკრატიას ასეთმა ადამიანებმა ჩრდილი არ მიაყენონ", - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ ის ნიკა გვარამიასაც დაიცავს, თუ დასჭირდება, რადგან 11 წლის განმავლობაში უფლებადმცველი იყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."