ზურაბ აბაშიძე - ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წელს, რომ დასათმობი არაფერი დარჩა

ზურაბ აბაშიძე - ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წელს, რომ დასათმობი არაფერი დარჩა

ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წელს, რომ დასათმობი არაფერი დარჩა, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ოპონენტების კრიტიკას რუსეთთან დათმობის პოლიტიკის თაობაზე.

როგორც აბაშიძემ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე რუსეთთან 2011 წელს მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ხელშეკრულების პირობებში არაფერი იცვლება.

"დააწყნარეთ ჩვენი ოპონენტები, ქართული მხარე შესაბამისად მოქმედებს. ჩვენი ოპონენტები ხშირად დათმობებზე მიანიშნებენ, ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წელს, დასათმობი არაფერი აღარ არის - ჩვენი ტერიტორიების 20% გადაიფორმა რუსეთმა; ჩვენი ენერგეტიკა მივყიდეთ რუსებს; წიაღისეული მივყიდეთ რუსეთს; მილის მიყიდვა გვინდოდა რუსეთისთვის; თბილისის წყალი მივყიდეთ და ა.შ. ამიტომ ჩვენი ოპონენტები დათმობებზე როდესაც საუბრობენ, გაიხსენონ, რა მოხდა 2008 წელს - ქვეყანა დაიშალა ფაქტობრივად მათი ხელისუფლების დროს, მოხდა უახლოეს ისტორიაში უდიდესი კატასტროფა. სანამ ჭკუას გვასწავლიან, როგორ უნდა ვილაპარაკოთ რუსეთთან, კარგად მოიგონონ, რა მემკვიდრეობა დაგვიტოვეს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართულმა მხარემ დააგვიანა 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციაზე მუშაობა.

"ის მოსაზრებები, რომ დავაგვიანეთ მუშაობა, აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ რომ ცალმხრივად ჩვენ ამას ვერ დავაჩქარებდით. ჩვენ პარალელურად უნდა წავსულიყავით, რომ ეს ამოქმედებულიყო. რუსეთს რამდენიმე საკითხი ჯერ არ აქვს გარკვეული და საბოლოოდ არ არიან ამაზე ჩამოყალიბებული. შვეიცარიელმა კოლეგებმაც გვთხოვეს, რომ მივცეთ დრო, წაიმუშაონ რუსულ მხარესთან და საბოლოოდ მივიდეთ იმ ეტაპამდე, როდესაც დაიწყება შეთანხმების იმპლემენტაცია. ამჯერად ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ისინი პრინციპულად მზად არიან ხელშეკრულების დასაწყებად. ველით, რომ შვეიცარიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გაურკვევლობები 2-3 საკითხთან დაკავშირებით მოგვარდება", - განაცხადა აბაშიძემ.

შეკითხვაზე, თუ რუსეთს 5 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მზაობა შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რა შეიცვალა ახლა, აბაშიძე აცხადებს: "საერთაშორისო ვალდებულება აქვთ აღებული და ეს უნდა დასრულებულიყო ან უარით, ან დადებითად. ასე გვეუბნებოდნენ, რომ მუშაობდნენ. მოგეხსენებათ, არაორდინალური პროექტია, უამრავი ნიუანსია, მსგავსი გამოცდილება არსად არსებობს, ამიტომ ამ კონტრაქტზე მუშაობა ძალიან რთული იყო. ჩვენთვისაც ბევრი სიახლე იყო და მათთვისაც, თუმცა ჩვენ უფრო სწრაფად წავედით და გასული წლის გაზაფხულზე დავასრულეთ დოკუმენტებზე მუშაობა", - დასძინა აბაშიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."