კონგოში ჩამოგდებული ქართველი მფრინავებიდან ერთი დაჭრილია, მეორე - ტყვედ ჩავარდნილი: საგარეოს განცხადება

კონგოში ჩამოგდებული ქართველი მფრინავებიდან ერთი დაჭრილია, მეორე - ტყვედ ჩავარდნილი: საგარეოს განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრილი სამშვიდობოზეა და მკურნალობს აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში. სამინისტროს განმარტებით, საგარეო უწყება მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან, რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა.

"პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში, რომ მეამბოხეების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად შესაძლოა დაჭრილთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეების მონაწილეობას ხსენებულ ინციდენტში. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ ჩვენთვის. 22 თებერვალს საქართველოს საელჩოს პრეტორიაში კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხსენებული ინციდენტის შედეგად, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში.

კონგოს მხარის ინფორმაციით, ხსენებულ საკითხზე გრძელდება გამოძიება კონგოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურების მიერ.

საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცით ეს პიროვნებები არიან ყოფილი სამხედროები და დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ კონგოში.

სიტუაცია რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი იმყოფება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ამის შესახებ AMBEBI.GE ჯერ კიდევ 30 იანვარს წერდა. ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა. მეამბოხეებს ტყვედ სწორედ ის ჰყავთ აყვანილი.

როგორც AMBEBI.GE-სთან მაშინ სამხედრო მფრინავი ვეფხია მსხვილიძე საუბრობდა, დაკარგულია მისი ერთ-ერთი მეგობარი.

"დანარჩენებთან დაკავშირებას ვცდილობ... კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საჰაერო და სახმელეთო ძალები ჰყავს. სახმელეთო ძალებში "კომანდოს" სპეცდანიშნულების რაზმი, სამხედრო პოლიციაა გაერთიანებული. საჰაერო ძალებს საბჭოური სამხედრო ტექნიკა აქვს. მუშა მდგომარეობაშია ми-24-ის ტიპის საფრენი აპარატები, რომლებიც კარგად იტანს ყველანაირ ტემპერატურას, მათ შორის, სიცხეს. ასევე ჰყავთ უკვე მოძველებული су-25-ები, რომელთაც უფრო მეტად ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის იყენებენ, რადგან საბრძოლო დანიშნულებით მათი გამოყენება შეუძლებელია. როგორც კი су-25 გადაიფრენს, კონფლიქტის კერიდან პატარ-პატარა დაჯგუფებები მაშინვე იფანტებიან... იქ არის გაეროს ეგიდით მყოფი ჯარიც, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. გაეროს ჯარის კონტრაქტორები არიან უკრაინელები, პაკისტანელები, ტანზანიელები, ინდუსები... შესაძლოა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ... იქ გავიცანით სამხედროები, რომლებსაც მომზადება თბილისის საავიაციო ქარხანაში ჰქონდათ გავლილი. ერთი მათგანი, გენერალი, დედაქალაქში ბაზის მეთაური იყო, მეორე - საჰაერო ძალების სარდალი...", - გვითხრა საუბარში ვეფხია მსხვილიძემ.

წაიკითხეთ მეტი კონგოში ჩამოგდებული ქართველი მფრინავების შესახებ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია