დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საკუთარ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა, - ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხესთან ჟურნალისტებს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა განუცხადა.
დაცვის მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისზე ისაუბრა დაკითხვისას დაკავებულმა დეკანოზმა.
"მამალაძის მიერ იყო რამდენიმე სახელსა და გვარზე საუბარი. თუმცა ვერ ვიტყვი, საჯაროდ გაჟღერდა თუ არა ეს გვარები", - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, გიორგი ფანცულაიას თქმით, დაკითხვისას თეთრუაშვილზეც დაისვა კითხვები, "თუმცა რა ფორმით იყო დასმული შეკითხვები", ადვოკატს არც ეს დაუკონკრეტებია.
ამასთან, ფანცულაიას თქმით, ის კვლავ რჩება იმ აზრზე, რომ გიორგი მამალაძის ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლის.
ამასთან, გიორგი ფანცულაიამ ზოგადად ისაუბრა დაკითხვის დეტალებზე და განაცხადა, რომ დეკანოზის დაკითხვის დროს მამალაძის მიერ რამდენიმე სახელსა და გვარზე კონკრეტულად იყო საუბარი.
"ამ ეტაპზე ჩვენების მიცემა ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს და დაცვის მხარეს რა დაგეგმილი ღონისძიებებიც გვქონდა, რათა მას გაეჟღერებინა ინფორმაცია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ გიორგი მამალაძის მიერ მისაცემი ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლიდა. დღევანდელი დაკითხვის მიმდინარეობის დროს იგივე აზრზე ვრჩები. მე ვფიქრობ, რომ მის მიერ მიცემული ჩვენებით, ბრალის შინაარსობრივი მხარე მთლიანად უნდა შეიცვალოს. მათ შორის დიდი ალბათობით, საერთოდ მისი ბრალეულობა თავიდან ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მამალაძის მიერ იყო რამდენიმე სახელსა და გვარზე საუბარი. თუმცა ამას ვერ ვიტყვი, საჯაროდ გაჟღერდა თუ არა ეს გვარები. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, მასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, თუმცა რა ფორმით იყო დასმული, ამას ვერ დავაკონკრეტებ", - განაცხადა ფანცულაიამ.
ე.წ. მატროსოვის ციხეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 11:00 საათზე დაიწყო. 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ ერთი საათით შესვენება გამოცხადდა, ამ დროისთვის კი დაკითხვის პროცესი კვლავ გრძელდება.