"მამა გიორგი ან აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი, ან მღვდელი, რომელსაც სულის საცხონებლად ეყოფა ეს ცილისწამება"

"მამა გიორგი ან აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი, ან მღვდელი, რომელსაც სულის საცხონებლად ეყოფა ეს ცილისწამება"

ორ ვარიანტს განვიხილავ - მამა გიორგი ან აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი, რომელმაც ძალიან ბევრი შესცოდა, მაგრამ სიკვდილის წინ მოინანია და ცხონდა, ან აღმოჩნდება ის მღვდელი, რომელსაც სულის საცხონებლად ეყოფა ეს ცილისწამება, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა და დასძინა, რომ "საქმე უფრო მეორისკენ იხრება".

როგორც მეუფე პეტრემ პროკურატურაში დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეკითხვები შორენა თეთრუაშვილსაც შეეხებოდა. "იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს განცხადებებში ვახსენებდი შორენა თეთრუაშვილს, მის "ჩრდილოვან მმართველობასა" და განუსაზღვრელ ძალაუფლებას, ეს შეკითხვებიც იყო ბუნებრივია და შეძლებისდაგვარად, შევეცადე ამეხსნა კორექტულად", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

22 თებერვლის ვაიბერმიმოწერასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ სამ ვარიანტს განიხილავს, თუ ვის შეიძლებოდა გაეგზავნა მისთვის წერილები, რომელთაგან პირველი შეიძლებოდა ყოფილიყო შანტჟი "ამ ქალბატონისგან" ან ხელისუფლებისგან ან ორივესგან ერთად.

მეუფე პეტრეს განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პირველ რიგში თანადგომა უნდა გამოეხატა მეუფე დიმიტრის, რადგანაც ის მეუფის მიერ "ხელდასმულია". "მიმაჩნია, რომ მეუფე დიმიტრის ექნება ღირსეული პასუხები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ნახა დეკანოზი ამ დრომდე", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ ესწრებოდა იმ ჩანაწერების ჩვენებას, რომელიც ხელისუფლებამ სასულიერო პირებს აჩვენა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს ჩანაწერები არ არის ამომწურავი მამა გიორგის შესახებ უდანაშაულობის ვერსიაზე.

"მე, როგორც სასულიერო პირი, მამა გიორგის დავსჯიდი საეკლესიო მართლმსაჯულებით და ის გაკიცხვას იმსახურებს თავისი გამოუცდელობით და შეცდომებით, რაც იკვეთება ამ საქმეში. იკვეთება მისი გამოუცდელობა და პროვოკაციაში გახვევა. ის წამოეგო პროვოკაციას, - განაცხადა მეუფე პეტრემ და არ დააკონკრეტა, რა იყო ჩანაწერებში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ