დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის, ვისაც გაუხარდა სასამართლოს გადაწყვეტილება, - ასეთ პოსტს აქვეყნებს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.
"დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის, ვისაც გაუხარდა სასამართლოს გადაწყვეტილება. შევეცდები სხვებიც გავახარო, ვისაც ეჭვი აქვს, რომ რამეს ცუდად გავაკეთებთ. მშვიდობას და ბედნიერებას გისურვებთ!", - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.
იხილეთ: რა ხდება "რუსთავი2" -ის ეზოში (LIVE)
უზენაესისასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს "პანორამა".
"- ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
- ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
- გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა.
- უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება", -ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
წაიკითხეთ: რას წერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიიღო