"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - 8 მარტს, სექსუალური თავისუფლებების მოთხოვნით, ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოეწყობა

"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - 8 მარტს, სექსუალური თავისუფლებების მოთხოვნით, ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოეწყობა

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის - Independent Group of Feminists ინიციატივით, "საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები","ქალთა მზერა", "ვისგი" და ფემინისტი აქტივისტები სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით 8 მარტს, 13:00 საათზე ფილარმონიის წინ შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით გაემართებიან პარლამენტისკენ და შეუერთდებიან ქალთა სოლიდარობის აქციას პარლამენტთან.

"2017 წლის 8 მარტის მსვლელობაზე "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" ინიციატივით ქალები ვერთიანდებით, რომ ხმამაღლა მოვითხოვოთ ის უფლებები, რაც ჩვენს სხეულსა და სექსუალობას ეხება. ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვამხილოთ ის პრაქტიკები, რაც ამ უფლებებს გვიზღუდავს", - ამბობენ "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" წევრები.

"ქართული საზოგადოება არ აძლევს ქალს უფლებას, განკარგოს საკუთარი სხეული და სექსუალობა, რის გამოც ჩვენ გვიწევს დავმალოთ საკუთარი სექსუალური აქტივობა, ან სულაც - უარი ვთქვათ მასზე. ქვეყნის ეროვნული იდენტობის გადარჩენა/კვლავწარმოება გაიგივებულია ჩვენი სექსუალობის ხელშეუხებლობასთან, რის გამოც ჩვენს სხეულზე კონტროლი ეროვნული ღირსების საკითხი ხდება!

ამ დამოკიდებულებების გამო, ქალებს დღემდე უჭირთ აღიარონ, რომ სექსუალური ცხოვრება გააჩნიათ. ამას ადასტურებს 2017 წელს გამოცემული კვლევის "თაობა გარდამავალ პერიოდში" შედეგებიც (ფრიდრიხ ებერტის ფონდი), სადაც ქალ რესპონდენტთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ჰყოლია ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი მაშინ, როცა იმავე პუნქტში მსგავსი გამოცდილებით მამაკაცთა 57% იწონებს თავს.

ვფიქრობთ, რომ დროა დავანახოთ სხვა ქალებს და მთელ საზოგადოებას, რომ ჩვენი სხეული ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენი უფლებაა, ვიყოთ თავისუფლები!

ჩვენ ჯერ კიდევ:

► გვაშანტაჟებენ ჩვენი სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრებით

► სექსუალურად გვავიწროვებენ სამუშაო ადგილას და საჯარო სივრცეში

► უხეშად ერევიან ჩვენს პირად სქესობრივ ცხოვრებაში, მათ შორის "ოჯახის სახელის შესანარჩუნებლად"

► ამავდროულად, იგივე ოჯახში, გვავალდებულებენ, ან, რიგ შემთხვევებში, გვაიძულებენ გვქონდეს სექსი მაშინ, როცა არ გვინდა

►ჩვენ ხშირად არ გვაძლევენ უფლებას, თავად გადავწყვიტოთ, როდის, ვისთან და როგორ გვექნება ან არ გვექნება სექსი

► ჩვენს სექსუალობას მუდამ მამაკაცთან მიმართებაში განსაზღვრავენ სავალდებულო ჰეტეროსექსუალობის დაწესებით, ხოლო ზიზღით ან არასერიოზულად უყურებენ ლესბოსელობას

► ჩვენ დამნაშავედ გვთვლიან მაშინაც, როდესაც ჩვენზე ძალადობენ, გვაუპატიურებენ ან გვკლავენ

ჩვენ გვიწესებენ საკუთარი სხეულის რეპროდუქციული მიზნით გამოყენების ვალდებულებას, მაშინ როდესაც:

► არ მიგვიწვდება ხელი კონტრაცეპტივებზე არც კერძო და არც სახელმწიფო დაზღვევით, რაც გვიზღუდავს საკუთარ სხეულზე კონტროლს

► სხვადასხვა კლინიკები უარს გვეუბნებიან აბორტის სერვისის მოწოდებაზე რელიგიური თუ ტრადიციული მოსაზრებებით

►სტერილიზაციის სურვილის შემთხვევაში, გვთხოვენ ქმრის ნებართვას

►ჩვენ და ჩვენს შვილებს განათლების სისტემა არ უზრუნველგვყოფს განათლებით სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"

დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?