პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "შესაძლო გართულების თავიდან აცილების" მიზეზით ხსნის იმას, რომ ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში სამართალდამცავი სტრუქტურები მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან.
პრემიერმა ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
"აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი, შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქისმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება. ასევე უნდა ვთქვა, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედების მიმართ ცალსახად უარყოფითია, შესაბამისად, სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებას იცხოვროს მშვიდ გარემოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აჭარაში მისი დავალებით შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მიმართვის საფუძველზე კი, საკითხის შესწავლამდე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
"ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ", - დასძინა პრემიერმა.