საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახაბერ ბუხრაძემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. ექსკლუზიური კომენტარი ბუხრაძემ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" მისცა.
სამმართველოს უფროსი "ცილისწამებას" უწოდებს ბრალდებას, თითქოს აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს "თათრები" უწოდა.
"საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში მსგავსი აზრი. შესაბამისად, ამაზე საერთოდ არ უნდა ვაკეთებდე ახლა კომენტარს და რაღაცნაირად თითქოს თავს ვიმართლებდე. ესაა ცილისმწამებლური განცხადება და გამეორებაც არ მინდა იმ ფრაზის, რაც ითქვა. ვინც მე მიცნობს, წამითაც არ დაუშვებს იმას, რომ შეიძლებოდა მსგავსი რამ მეთქვა ან გამეფიქრებინა. ამის მოგონება და მერე ამაზე აპელირება, ეს არის ღალატი. სამარცხვინო იყო ამის დაბრალება ჩემთვის", - განუცხადა კახა ბუხრაძემ "ინტერპრესნიუსს".