როგორ აფასებს ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და "რეფერენდუმს"

როგორ აფასებს ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და "რეფერენდუმს"

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და "სამხრეთ ოსეთისთვის" სახელის "სამხრეთ ოსეთი - სახელმწიფო ალანიად" შეცვლის თაობაზე "რეფერენდუმი" ტარდება.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: "მოქმედი პრეზიდენტი" ლეონიდ თიბილოვი, ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და ადგილობრივი "კა-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი. აღსანიშნავია, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტებად ლეონიდ თიბილოვი და ანატოლი ბიბილოვი ითვლებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს გმობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უკანონო და რაიმე სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.

"რუსეთის საოკუპაციო ძალის ეს პროვოკაციული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგების, სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას.

საქართველოს უძველესი რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელის - "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო" - დარქმევასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მიზნად ისახავს რეგიონის უკანონო ანექსიისათვის საფუძველის მომზადებას. ეს განზრახვა მკაფიოდ წარმოჩინდა ახლახანს ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებითაც, რომელიც ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანებას ითვალისწინებს.

მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადო შეფასება მისცეს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს. უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი:

"კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ამას ადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომელსაც უპირობოდ იცავს ცივილიზებული სამყარო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს მკაფიო პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ერთსულოვნები არიან და ცალსახად გმობენ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს.

საქართველოს უძველესი რეგიონისთვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელწოდების მინიჭებასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას ჩვენ განვიხილავთ როგორც რეგიონის უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებას. სამწუხაროდ, ასეთი პროვოკაციული მოქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას.

მე მჯერა, რომ ჩვენ, ქართველები და ოსები, გამოვნახავთ ერთმანეთისკენ სავალ გზებს და მოვერევით ისტორიულად არარსებულ გაუცხოებას, ერთად ვიზრუნებთ ჩვენი საერთო სამშობლოს, საერთო სახელმწიფოს - საქართველოს მშენებლობისთვის", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

განცხადებით გამოეხმაურა ე.წ არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი საქართველოს ძირძველი ტერიტორიისათვის სახელის ცვლილების მოთხოვნით.

"ეს ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს. ტერიტორიაზე, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ იქნა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სადაც რეალურ კონტროლს ახორციელებს უცხო ქვეყნის საოკუპაციო ძალა, შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის თავისუფალი არჩევანის ან ნების თავისუფლად გამოხატვის რაიმე ფორმის შესახებ.

ე.წ. რეფერენდუმი სხვა არაფერია, თუ არა მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვა იგივე სცენარით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს განახორციელა ყირიმთან მიმართებაში. ამგვარი ქმედება წარმოადგენს უხეშ ზეწოლას საქართველოზე და მიზნად ისახავს ვითარების შემდგომ ესკალაციას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობისა და რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების პოლიტიკის მიმართ.

"ყირიმის პრეცედენტის" დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ საქრთველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ იმ უნივერსალური და ფუძემდებლური პრინციპების ქმედუნარიანობას, რასაც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამ აქტივობას საერთო არაფერი აქვს ხალხის ნებასთან. "საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ცალსახაა - ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი, ვერც პროცესი და ვერც შედეგი, ვერ იქნება სამართლებრივი ხასიათის მატარებელი, არის არალეგიტიმური და ცხადია, არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ აქტივობას საერთო არაფერი აქვს ხალხის ნებასთან და ვერ იქნება განხილული რეფერენდუმად იმ ვითარებაში, როდესაც მავთულხლართებით იზოლირებული რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდევნილი ან გადახვეწილია, ადგილზე მცხოვრები ადამიანების უფლებები კი უხეშად ირღვევა. ე.წ. რეფერენდუმი შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ, როგორც მორიგი პროვოკაცია და პოლიტიკური მანიპულაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის თემით.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ პროცესებთან დაკავშირებით შეფასება უკვე გაკეთდა და დარწმუნებულნი ვართ, კვლავაც გაკეთდება. საქართველოს ხელისუფლება ყველა ფორმატსა და პლატფორმას იყენებს პარტნიორების ინფორმირებისთვის და მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რათა არ დავუშვათ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის მიერ ანექსიის მიმართულებით მორიგი ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით კი, ცინიკურია, რომ სწორედ დღეს, 9 აპრილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი. მინისტრის შეფასებით, ე.წ. რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება არის ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის აშშ და ევროკავშირი. მისივე განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მისი სუვერენიტეტის შელახვას.

"ცინიკურია, რომ დღეს 9 აპრილს იმართება ე.წ. არჩევნები და რეფერნდუმი, რომელსაც ატარებს რამდენიმე ათასი ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც გამოდევნილი არიან ეთნიკური ქართველები საკუთარი ტერიტორიიდან, საკუთარი სახლებიდან. ეს არის ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა. მას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შესაბამისი განცხადებები გაკეთდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში. რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სუვერენიტეტის შელახვას და ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ აგოს პასუხი იმ დარღვევებისა და აგრესიისთვის, რომელსაც აკეთებს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."