"მამაჩემი მართლა ძალიან ცუდადაა და მისახედი მყავს" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლო პროცესების 2 კვირით გადადებას ითხოვს

"მამაჩემი მართლა ძალიან ცუდადაა და მისახედი მყავს" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლო პროცესების 2 კვირით გადადებას ითხოვს

"ცენტრ პოინტის" ბათუმის "მაგნოლიას" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა დაცვის მხარის ადვოკატი ქეთი ჩომახაშვილი პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. ამის გამო, შემდეგი სხდომა 13 აპრილს დაინიშნა, თუმცა გურამ რჩეულიშვილმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, სასამართლო პროცესები 2 კვირით გადაიდოს, რათა ციხიდან გამოსვლის შემდეგ დრო სჭირდება სიტუაციაში ბოლომდე გასარკვევად.

"2 კვირით ვითხოვ სხდომის გადადებას ორი მიზეზის გამო. პირველი, რომ მამაჩემი მართლა ძალიან ცუდადაა და მისახედი მყავს და მეორე, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უნდა ვიმუშაო და დრო მჭირდება. მოსამართლეს მივმართე, რომ ორი კვირა მომცეს. ჩემს ადვოკატს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ფეხმძიმედაა და საბუთიც აქვს შესაბამისი. ზეგ აუცილებლად იქნება ადვოკატი და ასევე იქნებიან მოწმეებიც", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

ის სასამართლოში მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ერთად მივიდა.

საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე დაცვის მხარეს პროცესების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბრალდების მხარე არ დაეთანხმება შუამდგომლობას, რომელიც პროცესების გადადებას გულისხმობს.

"ვითხოვდით საგამოძიები მოქმედებებს, რითაც დადასტურდება, რომ ბათუმის "მაგნოლია" დასრულებული არ არის და არც ექსპლუატაციაშია შესული. დღევანდელი პროცესი გადაიდო, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე ვერ მიიღო, რომ დაცვის მხარის ადვოკატი არ გამოცხადდა. ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, არ მოხდა ასევე მტკიცებულებების გამოკვლევა. გვაქვს ეჭვი, რომ დაცვის მხარე ცდილობს პროცესების გაჭიანურებას. ეს არის ხელოვნურად შექმნილი მიზეზები და ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავეთანხმებით მათ მიერ შემოთავაზებულ რაიმე შუამდგომლობას, რაც პროცესების გადადებას გულისხმობს", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

პროკურორის თქმით, თუ ადვოკატი მომდევნო პროცესზე კვლავ არ გამოცხადდება, ბრალდების მხარე მოითხოვს სახაზინო ადვოკატის დანიშვნას.

დღევანდელ სასამართლო პროცესს "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულებიც ესწრებოდნენ, რომლებიც პროცესის გადადების გამო უკმაყოფილო არიან.

"ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ გაჭიანურებული პროცესების გამო. ეს გრძელდება წლობით, მიზეზები არ ელევათ, ხან თვითონ არიან ავად, ხან ადვოკატები. ავადმყოფობას იგონებენ, მაგრამ დილამდე ღამის კლუბებში ერთობიან და საღამოს ვეღარ ფიქრობენ რომელ მოწმეს დაუძახონ. როდემდე ველოდეთ ამათ ტაშ-ფანდურს", - განაცხადა დაზარალებულმა თამარ ფირცხალაიშვილმა.

შემდეგი პროცესი 13 აპრილს, 10:30 საათზე დაინიშნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ