საია - 5 სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა

საია - 5 სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა

ხუთ სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათგან ყველაზე მეტი 2250 - თავდაცვის სამინისტროდან, 20 საჯარო მოხელე - ლტოლვილთა სამინისტროდან, 17 -ინფრასტრუქტურის, 11 - კულტურის სამინისტროდან, ხოლო ყველაზე ცოტა - 2 თანამშრომელი გათავისუფლდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივას ეხება საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებასა და შტატების ოპტიმიზაციის შესახებ.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რეორგანიზაცია არ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, თუმცა ის უნდა იყოს განჭვრეტადი, გამჭვირვალე პროცესი დაფუძნებული გასაგებ კრიტერიუმზე.

"სამწუხაროდ, ჩვენს მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოვლინა, რომ საჯარო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობდა მთელი რიგი ხარვეზებით. 12-მა სამინისტრომ ითანამშრომლა ჩვენთან და მოგვაწოდა ინფორმაცია. მათგან აღნიშნული ხუთი სამინისტროდან გათავისუფლდნენ თანამშრომლები და ამ პროცესში იკვეთება მთელი რიგი პრობლემები. პროცესი არ იყო გამჭვირვალე თავად საჯარო მოხელეებისთვის და მათში ეს პროცესი იწვევდა გაურკვევლობას, შიშს, ასევე ცუდად მოქმედებდა მათ მოტივაციაზე. შიშს იწვევდა იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ნათლად გაწერილი კრიტერიუმები, თუ რის საფუძველზე თავისუფლდებოდნენ ადამიანები სამსახურიდან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, საია იცავს 3 საჯარო მოხელის უფლებებს, რომლებიც სამართლებრივ დავას აწარმოებენ და ფიქრობენ, რომ მათი გათავისუფლების მიზეზები საკმარისად დასაბუთებული არ ყოფილა.

საია-ს განცხადებით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.

"12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა შეადგენს 55 მლნ 344 ათას ლარს. სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა, სულ 39 მლნ ლარი - შეამცირეს შრომის ანაზღაურების ნაწილში, რაც ძირითადად გამოიხატა პრემიებისა და დანამატების ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებასა ან/და მთლიანად გაუქმებაში. რეორგანიზაცია, რომელმაც გამოიწვია შტატების შემცირება განხორციელდა 5 სამინისტროში, კერძოდ: თავდაცვის; ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რის საფუძველზეც სულ გათავისუფლდა 2300 საჯარო მოხელე. გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა არის 5 მილიონ 322 ათას 300 ლარი.

5 თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ფოთის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თვითმმართველმა ქალაქებმა საბიუჯეტო ხარჯები შეამცირეს სულ 3 მლნ 630 ათასი ლარით, ხოლო აიპების დაფინანსება 1მლნ 220 ათასი ლარით. გარდა ამისა, ააიპებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სულ სამსახურიდან გათავისუფლდა 137 თანამშრომელი.

საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზისა და შეფასების შედეგად გამოვლინა შემდეგი პრობლემური საკითხები:

1. მთავრობის სხდომაზე არ ყოფილა განხილული სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და შედეგები, ასევე საქართველოს პარლამენტს არ განუხორციელებია ეფექტური კონტროლი სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე;

2. სამინისტროებსა და თვითმმართველ ქალაქებს ჰქონდათ არაერთგვაროვანი და განსხვავებული მიდგომები საბიუჯეტო სახსრების შემცირების პრიორიტეტებისა და ოდენობის თაობაზე, რაც განპირობებული იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი ხედვის არარსებობით;

3. მინისტრების მიერ რეორგანიზაციის თაობაზე გამოცემული ბრძანებები სტანდარტული და ფორმალური ხასიათისაა, სადაც გაწერილია მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესის დაწყების თაობაზე საჯარო მოხელეთა გაფრთხილების მოთხოვნა.

4. საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ ნათლად გაწერილი კრიტერიუმები რეორგანიზაციის პროცესში გასათავისუფლებელ საჯარო მოხელეთა შესარჩევად.

5. დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს, თვითმმართველობის ორგანოების მიერ აიპების რეორგანიზაცია და მათი დაფინანსების შემცირება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული განხორციელდა ნაჩქარევად და მოკლე ვადებში, არსებობს კითხვები, თვითმმართველი ქალაქების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჭიროებისა და მიზანშეწონილობის თაობაზე", - აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."