"ცენტრ-პოინტის" საქმის ახალი დეტალები - რა ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს გურამ რჩეულიშვილი და ვის ჩამოსვლას ელოდება საქართველოში

"ცენტრ-პოინტის" საქმის ახალი დეტალები - რა ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს გურამ რჩეულიშვილი და ვის ჩამოსვლას ელოდება საქართველოში

გურამ რჩეულიშვილი - დაახლოებით ათ დღეში დაიდება ხელშეკრულება, რომელზეც პროკურატურისთვის წარსადგენი საპროცესო შეთანხმების პირობებია დამოკიდებული

პროკურორი - "ცენტრ-პოინტის" საქმის დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარიც ზედმეტია

"ცენტრ პოინტის" სამეთვალუყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილის ინფორმაციით, დაახლოებით ათ დღეში დაიდება ხელშეკრულება, რომელზეც დამოკიდებულია საპროცესო შეთანხმების პირობები, რომელიც რჩეულიშვილებმა პროკურატურას უნდა შესთავაზონ.

როგორც გურამ რჩეულიშვილმა აღნიშნა, ისინი ელოდებიან "ერთი ბიზნესმენის საქართველოში დაბრუნებას", რომელიც "ცენტრ პოინტის" ქონებას შეიძენს, მიღებული თანხით კი იგეგმება რამდენიმე ობიექტის დასრულება.

"საპროცესო შეთანხმებას ერთი, ბოლო დეტალი აკლია, ველოდებით ადამიანის საქართველოში ჩამოსვლას, რომელთანაც, ჯერ კიდევ მამაჩემი რომ ცოცხალი იყო, მაშინ მოხდა შეთანხმება. დაახლოებით ათ დღეში საბოლოო ხელშეკრულება დაიდება. ამ ერთ ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული მთლიანი, საპროცესო შეთანხმების პირობების შეთავაზება და მისი მიწოდება პროკურატურისთვის. ხელშეკრულება გულისხმობს ამ ადამიანზე გარკვეული ქონების გასხვისებას და რამდენიმე დარჩენილი ობიექტის დამთავრებას", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

მისივე თქმით, პირი, რომლის საქართველოში დაბრუნებასაც ელოდებიან, ბიზნესმენია.

"ცენტრ-პოინტის" საქმის პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე კი აცხადებს, რომ დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარიც ზედმეტია. როგორც პროკურორმა აღნიშნა, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა დაზარალებულებს აუნაზღაურდებათ ზიანი.

მისივე თქმით, დაცვის მხარე პროკურატურას ამ ეტაპზე კონკრეტულს არაფერს სთავაზობს.

"დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარიც ზედმეტია. ეს არ განიხილება არც ერთ შემთხვევაში. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დაიწყება მოლაპარაკება, როცა დაზარალებულებს აუნაზღაურდებათ ზიანი. დაცვის მხარე რაღაც ვარიანტებს გვთავაზობს, თუმცა მოცემული ეტაპისთვის კონკრეტული არაფერია. როცა იქნება კონკრეტული და რეალური შემოთავაზება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ განვიხილავთ პირობებს", - განაცხადა კოტრიკაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ