სკოლებში საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო, ხუთი დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.
საკითხი სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ძირითადად ტუალეტების მოუწესრიგებლობასა და არასათანადო პირობებს უკავშირდება.
ხუთ დირექტორს თანამდებობები როგორც თბილისის, ასევე საქართველოს რეგიონების სკოლებში დაატოვებინეს. საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო, გაფრთხილება მიიღო მარნეულის 3 საჯარო სკოლის დირექტორმა.
"ხუთსაც გავათავისუფლებთ და ოცდახუთსაც, თუ საქმეს დასჭირდა", - ასე გამოეხმაურა დირექტორების გათავისუფლების თემას ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
მინისტრმა არ დააკონკრეტა, რომელი სკოლების დირექტორები გათავისუფლდნენ.
"ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება. თუ რომელი დირექტორები გათავისუფლდნენ, ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე განცხადებით, დირექტორებმა სისუფთავესთან დაკავშირებით ყურადღება არ უნდა მოადუნონ, ხოლო თუ სახსრები არ აქვთ სამინისტრო დაეხმარება.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სისუფთავის კუთხით მდგომარეობა ასობით სკოლაში გაუმჯობესდა.
ნახეთ: რომელი სკოლების დირექტორები გათავისუფლდნენ, საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო