"22 წლამდე ახლო ურთიერთობა არავისთან მქონია..." - რატომ დაშორდა "X ფაქტორის" სიმპათიური მონაწილე უკრაინელ შეყვარებულს

"22 წლამდე ახლო ურთიერთობა არავისთან მქონია..." - რატომ დაშორდა "X ფაქტორის" სიმპათიური მონაწილე უკრაინელ შეყვარებულს

22 წლის ხვიჩა კვარაცხელიას "X-ფაქტორის" კასტინგზე გამოჩენამ ლელა წურწუმიას გული ისე აუჩქარა, რომ დამამშვიდებლები მოითხოვა. ხვიჩა ბავშვობიდან მღერის, რამდენიმე თვის წინ, ის მოსკოვშიც გაემგზავრა, სადაც კარიერის აწყობაში მომღერალი ქეთა თოფურია ეხმარებოდა. გამგზავრების წინ მოცემულ ინტერვიუში, ხვიჩამ მოსკოვში გამგზავრების დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. რატომ დაბრუნდა რუსეთიდან საქართველოში და რა გეგმები აქვს "X ფაქტორის" სიმპატიურ და ნიჭიერ მონაწილეს, ამის შესახებ ხვიჩა Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- ხვიჩა, რამდენიმე თვის წინ, კარიერის ასაწყობად რუსეთში გაემგზავრეთ, მაგრამ მოულოდნელად დაბრუნდით საქართველოში, "X ფაქტორის" გამო ჩამოხვედით თბილისში?

- მოსკოვში რამდენიმე თვე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, მაგრამ ვიზას ვადა გაუვიდა, ამიტომ მინიმუმ ერთი თვით მაინც უნდა ჩამოვსულიყავი საქართველოში. როცა ჩამოვედი გავიგე, "X ფაქტორის" კასტინგები იწყებოდა, ამიტომ მივედი და ბედი ვცადე პროექტში, არ მეგონა ყველა ეტაპს წარმატებით თუ გადავლახავდი და დიდხანს დავრჩი საქართველოში. ძალიან მაგარი პროექტია, სადაც ხალხის დიდი სიყვარულის მოპოვება არის შესაძლებელი, ამიტომ არცერთმა მომღერალმა არ უნდა გაუშვას ამ სცენაზე მოხვედრის შანსი.

- თქვენი გამოსვლის შემდეგ, ლელა წურწუმიას დამამშვიდებლები დასჭირდა... ელოდი მისგან ასეთ შეხვედრას?

- ლელა ძალიან თავშეკავებული ადამიანია. აქამდე მას შორიდან ვიცნობდი და პატივს ვცემდი, როგორც პიროვნებას და მომღერალს, მისი დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. როდესაც გავიგე, ის იყო "X ფაქტორის" ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ამან დამატებითი სტიმული მომცა პროექტში მეცადა ძალები, ლელა წურწუმიას ჯგუფში მოხვედრა მინდოდა. გავედი კასტინგზე და ლელას რაც დაემართა, ამას ნამდვილად არ ველოდი. დამამშვიდებელი თუ დასჭირდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ამ ეპიზოდის ეთერში გასვლის შემდეგ, "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, ხვიჩა კვარაცხელია უნდა გახდეს "X ფაქტორის" გამარჯვებულიო, იქ დამიწერა კომენტარებში მამულიჩამ, ლელას რამე რომ დაემართოს, გითრევ ბანდერასის პრიჩოსკითო, ჩვენთვის ვხუმრობდით და სტატიები დაწერეს. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ლელასთან და მამულიჩასთან.

- ეს იმიჯი რუსეთისთვის მოირგე?

- ასეთი იმიჯი მაქვს ბოლო ორი წელია, უბრალოდ აქამდე წვერი არ ამომდიოდა და ახლა წვერი მაქვს.

- მოსკოვში რას აკეთებდით, რატომ წაგიყვანათ ქეთა თოფურიამ?

- რუსული "ვოისიდან" მაქვს მოწვევა, რომელიც აგვისტოში დაიწყება. ამის პარალელურად დაკავებული ვიყავი სხვადასხვა საქმეებით, ქეთას დახმარებით არაერთ კარგ პროექტში მივიღე მონაწილეობა, ვმღეროდი კორპორატიულ ღონისძიებებზე, მქონდა ფოტო და ვიდეო გადაღებები. ქეთას რუსეთში დიდ პატივს სცემენ და მისი რეკომენდაციები დიდი წარმატებაა ნებისმიერი ადამიანისთვის. ქეთას და მე საერთო მენეჯერი გვყავს, რომელიც ყველაფერში მეხმარებოდა და იქ ცხოვრება ძალიან გამიიოლდა. რუსულ შოუ-ბიზნესში რომ მოხვდე, რუსული სიმღერები უნდა იმღერო და იქაურ შოუ-ბიზნესში გაერიო, მე კი ვფიქრობ, მინდა ეს თუ არა.

- მეგობრობთ შენ და ქეთა?

- ქეთა ქართულ "ვოისში" გავიცანი და მაშინ დამპირდა რუსეთში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიო. მეგობრობა ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ გვერდით მიდგას. სანამ გავიცნობდი, მისი თაყვანისმცემელი ვიყავი.

- ყველას აინტერესებს გყავს თუ არა შეყვარებული?

- 22 წლამდე ახლო ურთიერთობა არავისთან მქონია. პირველად მოსკოვში მომეწონა უკრაინელი გოგო და ეს ურთიერთობა სამ თვეში დასრულდა. დაშორების დეტალებს ვერ ვიტყვი. ქართველების და რუსების კულტურულმა განსხვავებულობამ ძალიან იჩინა თავი ჩვენს ურთიერთობაში.

- რას გულისხმობთ?

- ურთიერთობის ტიპი, მას რაც უნდოდა, მე არ მინდოდა. თავისუფლების მომხრე ვარ, მაგრამ არა პირად ურთიერთობებში. მარჯვნივ-მარცხვნივ ვიაროთ, ეს სიყვარული არ არის.

- სექსში თავისუფლებას გულისხმობთ?

- სექსს დაწერთ? მე თვითონ მომერიდა ამ სიტყვის თქმა. სექსში რომ მრავალფეროვნები არიან რუსები, ეს აქსიომაა, მაგრამ ეს თავისუფლება არ მიგულისხმია. შინაგანი კონფლიქტი მქონდა საკუთარ თავთან, აქამდე არავინ მომწონებია, უცხო ქალაქში მარტო ვიყავი, ყველა მენატრებოდა, ის რომ გავიცანი, მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე და ამიტომ მეგონა რომ შემიყვარდა. სამ თვეში კი სხვადასხვა მენტალობის გამო დავშორდით.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა