ხმაური ფილარმონიაში - კონსტიტუციის საჯარო განხილვა დაპირისპირების გამო ვერ იწყება

ხმაური ფილარმონიაში - კონსტიტუციის საჯარო განხილვა დაპირისპირების გამო ვერ იწყება

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა უნდა გაიმართოს, მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა დარბაზში შეკრებილებსა და ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ასევე საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლეს. მათ შორის არიან "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე და სამოქალაქო ატივისტი ლადო სადღობელაშვილი.

როგორც ბრეგაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ისინი ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებას აპროტესტებენ და პარლამენტის თავმჯდომარესთან სასაუბროდ მიკროფონს ითხოვენ.

"ქართულმა ოცნებამ" ფილარმონია გამგეობების წარმომადგენლებით აავსო და აქედან ჩვენს გაძევებას ცდილობენ", - აღნიშნა ბრეგაძემ.

დაპირისპირებისა და ხმაურის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ამ დრომდე ვერ იწყება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. კობახიძის მცდელობას, საუბარი დაეწყო, დარბაზში მყოფი გარკვეული ჯგუფი სტვენითა და შეძახილებით შეხვდა.

იხილეთ ვიდეო

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაპირველად ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახს მიუსამძიმრა და დარბაზს მოუწოდა, რომ მათი ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ, ამის შემდეგ კი, როცა კობახიძემ გამოსვლის გაგრძელება სცადა, მას სიტყვა შეძახილებით გააწყვეტინეს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი ადამიანი არ აძლევს საშუალებას დარბაზში მყოფ 2 500 კაცს, რომ კონსტიტუცია განიხილოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."