საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის აზრით, თბილისმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ჰერბერტ ზალბერი "პერსონა ნონ გრატად" უნდა გამოაცხადოს და მისი გაწვევა მოითხოვოს.
ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის განცხადება არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია, არამედ საკითხის მიმართ მის უცოდინარობას ავლენს.
"ასეთ შემთხვევაში მორჩილად არ უნდა დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა. დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა. მას ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად გამოცხადება. ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასთვის გაფრთხილება", - აცხადებს ზურაბიშვილი.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩვენების შედეგები და მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობის დაწყება", - მიმართა ზალბერმა ბიბილოვს.