"მომწონს, ოჯახში პირველად რომ შედიხარ და იქაურობას ლოცავ" - გაიცანით, ქართველებზე შეყვარებული ნიგერიელი რადიოწამყვანი

"მომწონს, ოჯახში პირველად რომ შედიხარ და იქაურობას ლოცავ" - გაიცანით, ქართველებზე შეყვარებული ნიგერიელი რადიოწამყვანი

სხვა დროს რადიოში წამყვანი არ ყოფილა, ცოტა ხნის წინ პირველად აღმოჩნდა ახალ ამპლუაში და როგორც ამბობს, მოსწონს. 29 წლის ბრაიან იდოუ (იგივე იბრაჰიმი), რომელსაც საქართველოში კარგად იცნობენ, რადიო NJG-ის დილის გადაცემის მუსიკალური წამყვანი გახდა და ბაბი კირკიტაძესთან ერთად დილის გადაცემა მიჰყვას. რადიო "ენერჯი" (Fm 104,7) ფრანგული მუსიკალური რადიოსადგურის ქართული მაუწყებლობა გახლავთ, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ თანამედროვე მუსიკაზე.

ბრაიანს ძალიან მოსწონს, ახალი სამსახური, დიჯეობაც, რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო. ახლა ორშაბათს მოუთმენლად ელოდება, რომ ეთერში დაჯდეს და ქართველ მსმენელს რადიოსიხშირის საშუალებით დილას გაესაუბროს. თავიდან ნერვიულობდა, პირდაპირ ეთერში რა უნდა გავაკეთოო? მაგრამ როგორც ამბობს, თანაწამყვანი ბაბი ძალიან ეხმარება.

"ეს რადიო ბევრ ქვეყანაშია, თუმცა საქართველოში პირველები ვართ, რაც მნიშვნელოვანია," - ამბობს და მასთან საუბარს ასე ვიწყებ:

- როგორ ხარ?

- ძალიან კარგად, ანუ ჯგიროდ.

- იცი მეგრული?

- ჭიჭე-ჭიჭე მიჩქუ. შენ იცი?

- არა.

- მერე ქართველები არა ვართ? ჩემი აზრით, უნდა გესწავლა...

- შენ სად იწავლე?

- არც ისე კარგად ვიცი, მაგრამ თბილისში რომ ჩამოვედი, ბევრი მეგრელი მეგობარი მყავდა და მათგან ვისწავლე. მეათე წელია, აქ ვარ და უკვე ქართველი ვარ (იცინის), იმერელი.

- რატომ იმერელი?

- საქართველოში ბაქოდან ჩამოვედი, აზერბაიჯანში ფეხბურთს ვთამაშობდი. თბილისიდან  ზესტაფონში წავედი, იქიდან სამტრედიაში, სადაც ფეხბურთი სამი წელი ვითამაშე. იქ არაერთი კარგი მეგობარი მყავს, ოჯახში ვცხოვრობდი. ისე შემაყვარეს თავი, რომ სამტრედიაში როცა ვარ, თავი სახლში მგონია, იქ იმდენი კარგი ძმაკაცი და მეგობარი მყავს.

- ნიგერიაში ვინ გყავს?

- მამა და ძმები, დედა სამწუხაროდ, ბავშვი ვიყავი, რომ გარდამეცვალა (სხვათა შორის, შვილს დედის სახელი დავარქვი). აქ 19 წლის ვიყავი რომ ჩამოვედი, - ამიტომ გეუბნები, რომ საქართველოში 10 წლის წინ დავიბადე და ქართველი ვარ-მეთქი...

- ე.ი. მოგწონს აქაურობა.

- კი, პირველ რიგში, ხალხი შემიყვარდა. ბაქოში წელიწად-ნახევარი ვიცხოვრე და უკმაყოფილო არც იქ ვიყავი, აზერბაიჯანულიც ვისწავლე. მერე ერთი კვირით აქ ჩამოვედი და იმ მცირე დროში საქართველო ძალიან შემიყვარდა. ჰოდა, დავრჩი. მეგობრები, ადამიანები მეხმარებოდნენ, ხალხისგან დიდი სითბო ვიგრძენი, მერე ჩემს თავს ვუთხარი, - სად მიდიხარ, სად? დარჩი-მეთქი, ჰოდა, დღემდე აქ ვარ და უკვე 6 წლის შვილიც მყავს, ლატიფა.

- ნიგერიაში არ მიდიხარ ხოლმე?

- კი, 2 თვის წინ ვიყავი. ახლა ჩემი ძმის ჩამოყვანაც მინდა. იმედია, ეგ ამბავი გამომივა.

- მეუღლეზე რას გვეტყვი?

- მე და მეუღლე ერთად არ ვართ, შვილს ორივე ვპატრონობთ. ბავშვი სკოლაში დადის და ჩემი მოვალეობაა, ყურადღება მივაქციო, ანუ ყველაფერი გავუკეთო, რაც მას სჭირდება. კარგი გოგოა, სამი ენა იცის, - ქართული, ინგლისური, რუსული.

- რა ენაზე ელაპარაკები?

- ინგლისურად, მაგრამ უმეტესად, ქართულად. ქართული ენა უკეთესად რომ მესწავლა, კარგი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მესმის და ვლაპარაკობ.

- ფეხბურთს აღარ თამაშობ?

- მოყვარულთა ჩემპიონატზე გამოვდივარ. "სეუს" გუნდში ვარ. კიდევ ფეხბურთს ჩემი შვილის სკოლაში ვასწავლი. დილას რადიოში ვარ, მერე სკოლაში მივდივარ, საღამოს ჩილიმბარში ვმუშაობ. დატვირთული ვარ. აბა, ბავშვს მიხედვა ხომ უნდა? კარგ სკოლაში დადის, კარგად ასწავლიან...

გართობისთვის დრო თითქმის არ მრჩება. პარასკევს და შაბათს თუ მოვიცლი მეგობრებისთვის და კლუბში მივდივარ. კვირაობით კი ჩემპიონატია.

- ადრე მახსოვს, რომ დრედები გქონდა. რატომ მოიჭერი?

- როცა თმას არ ვივარცხნი, ისეთ ფორმას იღებს. შევიჭერი იმიტომ, რომ მომბეზრდა, თან, გავქართველდი (იცინის), ზაფხულიც მოდის, ცხელა და ამ დროს ცუდია.

- საქართველოს მოქალაქე ხომ არ ხარ?

- ჯერ არა, ექვსი თვის წინ პასუხად უარი მომივიდა, მიზეზი არ უთქვამთ. მუდმივი ბინადრობის სტატუსი მაქვს. ახლა ისევ ვაპირებ განცხადების შეტანას. მგონი, ყველა მონაცემი მაქვს იმისთვის, რომ ქვეყნის მოქალქე გავხდე. ხალხთან კარგი ურთიერთობა მაქვს, შვილი მყავს, ყველა გადასახადს ვიხდი, კანონთან პრობლემა არ შემქმნია, პატიოსნად ვცხოვრობ და ვმუშაობ...

- საქართველოში რა მოგწონს?

- ტრადიციები: ოჯახში პირველად რომ შეხვალ, უნდა იცოდე, როგორ მოიქცე, ანუ სადაც მიხვალ, იქაური ქუდი რომ უნდა დაიხურო. მომწონს, "ახალ წლებზე" საცივი რომ უნდა გააკეთო, სუფრაზე ქათამის ხორცი რომ უნდა გქონდეს, გოზინაყი, მაგარია, ბედობაზე მეკვლე რომ მოდის. თოვლის ბაბუა ნიგერიაში არ არის, რადგან თოვლი არ მოდის (იცინის), თუმცა სანტა კლაუსი გვყავს... აქ კიდევ ბევრი რაღაც არის, რაც მომწონს, რომელიც შეიძლება ახლა ვერ გავიხსენო, მაგრამ მაგარია.

- სუფრის ტრადიციაზე რას გვეტყვი?

- თამადა რომ ლაპარაკობს, ყველა უნდა გაჩერდეს, თამადის მერე ალავერდი უნდა თქვა, თუ შენ მოგთხოვენ ამას. პატარა სუფრაზე თამადობა შემიძლია. ზოგი სუფრას უფლის სადღეგრძელოთი იწყებს, ზოგი ოჯახს ადღეგრძელებს. ჰო, კიდევ რა მომწონს, იცი? ოჯახში პირველად რომ შედიხარ და ამბობ, - კეთილი იყოს ჩემი ფეხი და იქაურობას რომ ლოცავ... ბოლო-ბოლო იმერელი ვარ (იცინის) და ეს ყველაფერი ვიცი... მოკლედ, არიან ადამიანები, ვის გამოც საქართველოში დავრჩი.

- ამბობენ, კარგად ხუმრობსო...

- ანეგდოტები სიტუაციურად მახსენდება, ახლა ერთს გეტყვი, სვანი და მეგრელი ლიფტში გაიჭედებიან, სვანი ყვირის: მიშველეეეეთ! მეგრელი ეუბნება, - მოდი, ერთად ვიყვიროთ! სვანი: ერთააად! ერთააად! ჰო, რაღაც ღადაობები ვიცი. თავიდან რომ ჩამოვედი და ბინის დაქირავება მინდოდა, მაკლერთან მივედი, - ბინა მინდა-მეთქი. მეუბნება: - აფრიკაში თუ იცხოვრებო? ძლივს გამოვიქეცი აფრიკიდან-მეთქი...

- რაზე ოცნებობ?

- ვოცნებობ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ჩემმა შვილმა სკოლა კარგად დაამთავროს და როგორც ახლა ვეხმარები, ბოლომდე ასე დავეხმარო. აბა, რატომ ვმუშაობ ამდენს და ვწვალობ? მერე მხოლოდ ლატიფა ხომ არ მეყოლება, მაგრამ რადგან ჯერჯერობით მხოლოდ ეგ არის, მას უნდა მივხედო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ტაში უნდა დავუკრათ გახარიას..." - როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თემურ თათარაშვილი და აპირებს თუ არა აღდგომას ეკლესიაში წასვლას

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს