რას წერს ოსური მედია მეუფე ისაიაზე, რომელსაც ომის შემდეგ ახალგორი არ მიუტოვებია

რას წერს ოსური მედია მეუფე ისაიაზე, რომელსაც ომის შემდეგ ახალგორი არ მიუტოვებია

ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობა და პრესა მავთულხლართებს მიღმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მსახურებით უკმაყოფილოა. კონკრეტულად, პრეტენზია აქვთ მეუფე ისაიას მიმართ, რომელიც ახალგორელებში და ზოგადად, კონფლიქტის ზონაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს...

ადგილობრივი გამოცემა "რესპუბლიკას" ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში, სონია ხუბაევა ამბობს, რომ ამ "პრობლემაზე" ხელმძღვანელობასთან ერთად რამდენჯერმე ისაუბრეს და გადაწყვეტილება მიღებულია: "მეუფე ისაიას არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან ალანიის ეპარქიაში დარეგისტრირდეს, ან მშვიდობიანად დატოვოს "რესპუბლიკის" ტერიტორია.

გამოცემაში ჩამოთვლილია ახალგორში არსებული ის სამი ტაძარი, სადაც ქართველი სასულიერო პირები მსახურობენ - დედათა მონასტერი სოფელ იკოტაში, რომელსაც იღუმენია სალომე წინამძღოლობს; ახალგორიდან 14 კილომეტრში მდებარე ეკლესია ლარგვისში, რომელსაც მეუფე ისაია წინამძღოლობს და მე-9 საუკუნის ტაძარი სოფელ წირქოლში, სადაც მსახურებას მამა თეოდორე ატარებს.

გამოცემა "რესპუბლიკის" ინფორმაციით, არცერთ სალოცავში, ე.წ. ალანიის ეპარქიის ოს მღვდლებს, იქ წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება არ აქვთ. ქართველი სასულიერო პირები საკვირაო ქადაგებებზე მისულ მრევლს ეუბნებიან, რომ "აქ უფლის მსახურება რუსული ოკუპაციის პირობებში ხდება.

გაზეთთან საუბარში ცხინვალიდან ახალგორში მივლინებული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ამბობს, რომ როდესაც საქართველოს სასულიერო პირთან საუბარს შეეცადა, მეუფე ისაიამ მას "ოკუპანტი" უწოდა და ტაძრის კარი მიუხურა, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, შეუძლებელია არ ახსოვდეს, თუ როგორი თავდაჭერილია ამ საკითხზე საუბრისას მეუფე...

"ბოდიშს გიხდით, არაფრის გამო არ მიღირს, იქ ურთიერთობა გავირთულო და შესვლა შემეზღუდოს, მით უფრო, თავად მოვიდნენ ჩემთან და იმ გარკვეულ შეზღუდვებს გაუგებრობა ვუწოდოთო, მითხრეს..." - აღნიშნა მეუფემ ჩემთან საუბარში, როდესაც ნიქოზში მასთან სასაუბროდ ჩავედი და ბევრ რამეზე საუბრისგან თავი შეიკავა...

თუმცა, "რესპუბლიკას" ინფორმაციით, ჟურნალისტის თქმით, ასევე არამეგობრულად შეხვდნენ მას იკოტას დედათა მონასტერშიც... "მათთან გასაუბრების მცდელობისას ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ ქართულის გარდა, არც ერთ ენაზე არ საუბრობს, არც ესმის და დამტვრეული რუსულით, კატეგორიულად მოგვთხოვა, ტერიტორია დაგვეტოვებინა... ჩვენს შეთავაზებაზე, - თარჯიმანი მიგვეყვანა, მკაცრი უარი მივიღეთ... - ახლა აქ არ იმყოფება იღუმენი და მისი ნებართვის გარეშე უცხოებს ვერ გავესაუბრებით, მით უფრო, თქვენ ისე არ ხართ შემოსილი, აქ დარჩენის უფლება მოგცეთო... - გვითხრეს დედათა მონასტერში და არც იმაზე გაგვცეს პასუხი, შევძლებდით თუ არა დედა სალომესთან გასაუბრებას..", - წერს "რესპუბლიკა".

თავის მხრივ, ცხინვალელი სასულიერო პირის თქმით, - ყველა ღვთისმსახურმა საქმიანობა "ალანიის ეპარქიას" უნდა შეუთანხმოს, მაგრამ ქართველები ამას არ აკეთებენ და ვინაიდან რუსეთის პატრიარქი კირილი სამხრეთ ოსეთს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, ამ საკითხს "ალანიის ეპარქია" ვერ წყვეტს. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ" მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს პოზიცია, რომ "სამხრეთ ოსეთი ალანიის ეპარქია და კანონიკური ტერიტორიაა" - აცხადებს ოსი სასულიერო პირი.

"რა თქმა უნდა, ყველასთვის მიუღებელია და უკანონოა, დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ლენინგორის რაიონში, ღვთისმსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ატარებენ, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში არ არიან დარეგისტრირებული და ამის გაკეთებას არც აპირებენ... ამიტომ, ბოლოს, სპეციალურ შეხვედრაზე გადაწყდა, ქართველ სასულიერო პირებს ან ალანიის ეპარქიის იურისდიქციაში დარეგისტრირება შესთავაზონ, ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მშვიდობიანად დატოვონ..." - გამოცემის ინფორმაციით, ცნობილი არ არის, ეს გადაწყვეტილება უკვე აცნობეს თუ არა მეუფე ისაიას.

ფაქტია, რომ ცხინვალის ხელმძღვანელობა ამ საკითხის მიმართ, რატომღაც გულგრილია. არადა, 2014 წლის მაისიდან, ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტი შეიცვალა და ბევრ სხვა ახალგორელთან ერთად, არც ქართველ სასულიერო პირებს მიეცათ საშუალება, თუმცა, მეუფე ისაია ახალგორში საქმიანობას მაინც განაგრძობს... საქმე ის არის, რომ საშვის უქონლობის გამო, მეუფე ისაია 2 წელზე მეტი ახალგორიდან დანარჩენ საქართველოში წამოსვლას ვერ ახერხებდა. შემდეგ ეს საკითხი მოგვარდა და მან რამდენჯერმე თბილისში ჩამოსვლაც შეძლო.

პ.ს. ახლახან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

"დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ უმაღლესი ჯილდოთი მეუფე ისაიას. მეუფე თავდადებულად მოღვაწეობს ისეთ რთულ ეპარქიაში, რომელიც მას დაეკისრა. ღმერთმა ძალა და მადლი მისცეს მას. ამასთან დაკავშირებით ვაჯილდოებთ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით", - აღნიშნა პატრიარქმა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო