ავტორი:

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო

ამერიკული შეიარაღებული ძალების ქართველი სამხედრო, 26 წლის ქეთა ოთარაშვილი, რომელიც ამჟამად გერმანიაში, ქალაქ კაიზერსლაუტერნში მდებარე NATO-ს ბაზაზე იმყოფება, AMBEBI.GE-ს უყვება, რა პრევენციულ ზომებს ატარებენ ბაზაზე ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის.

ქართველი სამხედრო ქალის თქმით, მეთაურობა ცდილობს, ბაზაზე მცხოვრები ჯარისკაცები ვირუსისგან დაიცვას და მოწმდება ყველა, ვინც ტერიტორიაზე შედის. მაქსიმალურად გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური ზომები.

- თქვენს ბაზაზე იყო ვირუსის გამოვლენის შემთხვევა?

- არა, ჯერჯერობით, ჩვენს ბაზაზე არ დაფიქსირებულა. მომდევნო 1 წელი აქ უნდა ვიყო. სამხედროები, უმეტესად ბაზაზე ვცხოვრობთ და ჩვენივე ბაზას ვაკონტროლებთ. ეს არის სამედიცინო ბატალიონი და სიმართლე გითხრათ, დიდად არ გვეშინია, პანიკაზე საუბარი ზედმეტია. დამატებით გავიარეთ შესაბამისი ცოდნა და მომზადება, სრულ მზადყოფნაში ვართ... სამუშაო საათები გადანაწილებული გვაქვს სპეციალური გრაფიკით.

ამ ეტაპზე, ყველანაირი წვრთნები და ვარჯიშები შეჩერებულია. მეთაურობამ მოგვცა შესაბამისი ინსტრუქციები - ცდილობენ, ერთმანეთთან ახლო კონტაქტში არ ვიყოთ, თუმცა, ძველებურ ტემპში ვმუშაობთ.

- მოწმდება ყველა შემომსვლელი, მათ შორის, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები?

- დიახ, ბაზის ტერიტორიაზე შემოდიან სხვადასხვა პირები, მათ შორის კონტრაქტორებიც და მათ ვამოწმებთ, ვეკითხებით, სად იყვნენ, რა გარემოცვაში, ვისთან ჰქონდათ კონტაქტი... ყველანი გულწრფელები არიან და ყველაფერს ღიად გვიყვებიან. ცდილობენ პატივისცემა გამოხატონ ჩვენს მიმართ, ძალიან აფასებენ ჩვენს შრომას და ყველა ჩვენს მითითებას უსიტყვოდ ასრულებენ...

ზოგადად, ეს არის ადგილი, სადაც ყველა ღონისძიება ზედმიწევნით ორგანიზებულად ტარდება, თუმცა ახლა სრულიად სხვა რეჟიმზე გადავედით - მაქსიმალური წესრიგი და მობილიზაციაა.

- რატომ აირჩიეთ პროფესიად სამხედრო საქმე?

- პირველი ქართველი გოგო ვარ, ვინც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის ძლიერ არმიაში მსახურობს. ყოველთვის მინდოდა ჯარში მემსახურა და ოცნება ავიხდინე... კონტრაქტი 3 წელსა და 20 კვირას გრძელდება... ჩემი სფეროა ლოჯისტიკა, ანუ ქვედანაყოფის მომარაგების სპეციალობა ვარჩიე. თუმცა მანამდე იყო 70 დღიანი ურთულესი საწყისი მომზადების კურსი....

განსაკუთრებით რთული იყო პირველი კვირა, რომელსაც "წითელ ფაზას" ვეძახდით. ტელეფონები ჩამოგვართვეს და გარესამყაროსთან ყველანაირი კავშირი გავწყვიტეთ, რაც ძალიან რთული იყო. მთელი დღის განმავლობაში, ოთახში თითქმის არ შევდიოდით, დღეში 16 საათი გარეთ ვიყავით და ამ დროის განმავლობაში გვიწევდა ფიზიკური და მენტალური ვარჯიშები... გახსენებაც მიჭირს.

ასე რომ, საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგიური მომზადება გავიარეთ და კორონა ვირუსმა არ უნდა შეგვაშინოს!

წესრიგი და დისციპლინა არის ამერიკული ჯარის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც უნდა დავამტკიცოთ, რომ სიფრთხილის გამოჩენით, ასეთი პრობლემის შეჩერებაც კი შეიძლება.

"ჯარისკაცის ფიცში” გვიწერია, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ერთნაირად ძლიერები უნდა ვიყოთ. თუ მენტალურად ძლიერი ხარ, ყველაფერს გადალახავ!

სითბური და რადიოლოკაციური რაკეტებისგან თავდაცვის აპარატურა დამონტაჟებული იყო ივანიშვილისა და სააკაშვილის პირად შვეულმფრენებზე - როგორ დავიცვათ ქართული "მიმინოები" რუსული "კრაზანებისგან"

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან