"ადამიანი ცხოვრობს შენს ტერიტორიაზე და იპარავენ, საერთაშორისო დონეზე შევრცხვით, როგორც სახელმწიფო"

"ადამიანი ცხოვრობს შენს ტერიტორიაზე და იპარავენ, საერთაშორისო დონეზე შევრცხვით, როგორც სახელმწიფო"

ადამიანი ცხოვრობს შენს ტერიტორიაზე და გიპარავენ, ეს არის უსაფრთხოების სამსახურის სრული სირცხვილი და ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქალაქე უსაფრთხოდ ვერ გყავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმის შეფასებისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სუს-ის უფროსის განცხადება, რომელიც ამ თემაზე გააკეთა, იყო ძალიან ფრთხილი და მოზომილი, თუმცა როგორც კლდიაშვილმა აღნიშნა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ადამიანი საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს.

"ფაქტი სახეზეა, რომ ეს ადამიანი გაიტაცეს საქართველოს ტერიტორიიდან. ის, ალბათ, გადაიყვანეს არაოფიციალური საზღვრის გავლით და აქ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. ფაქტი არის წარმოუდგენელი, ასეთი რამ ჩვენთან არ მომხდარა არასოდეს. ეს პირდაპირ სპეცოპერაციაა აზერბაიჯანული სპეცსამსახურების, რომელიც ჩაატარეს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება და უნდა მოხდეს აზერბაიჯანის ელჩის დაბარება, მისგან ახსნა-განმარტების ჩაბარება და შემდეგ უკვე რეაგირება უმაღლეს დონეზე.

ჩემი აზრით, ეს ვერ მოხდებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინფორმირების გარეშე. აქ, ცხადად, იკვეთება ძალიან ცუდი ფაქტი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არ მოხდებოდა ქართული მხარის მონაწილეობის ან ინფორმირების გარეშე, მაგრამ ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვით. ფაქტია, რომ აზერბაიჯანში ადამიანი თავისი ნების გარეშე გადაიყვანეს საქართველოს ტერიტორიიდან. ეს არის თავზე ლაფის დასხმა. საერთაშორისო დონეზე შევრცხვით, როგორც სახელმწიფო", - განაცხადა კლდიაშვილმა.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს.

თავის მხრივ სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, აზერბაჯანულ მხარეზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აფგან მუხთარლი "მწვანე საზღვარზე" დააკავეს, სადაც პასპორტი საჭირო არაა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."