ფურშეტებზე, წვეულებებსა და რესტორნებში დახარჯული ათეულობით ათასი ლარი - აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიში

ფურშეტებზე, წვეულებებსა და რესტორნებში დახარჯული ათეულობით ათასი ლარი - აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიში

მიღებების, ფურშეტების, წვეულებებისა და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების საჭიროება არ არის სათანადოდ დასაბუთებული მუნიციპალიტეტების მიერ, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, არ არის იდენტიფიცირებული სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. ასევე, თანხები დახარჯულია სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა თანამდებობის პირების კვების ორგანიზებისათვის.

"მაგალითად, 2013-2014 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ "წარმომადგენლობითი ხარჯების" მუხლიდან რესტორნის მომსახურებაზე, დაუსაბუთებლად არის გაწეული 21.5 ათასი ლარი. 2014-2015 წლებში, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიებასთან დაკავშირებით იქნა გაწეული 14.2 ათასი ლარის ოდენობის სარესტორნო ხარჯი", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებულ რამდენიმე მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სახსრები დახარჯულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც დასრულებული არ არის.

ხარვეზები იკვეთება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების სისრულეში, მშენებლობის პროცესების კონტროლში და სხვა. შედეგად, საბიუჯეტო სახსრები გადახდილია ისეთ პროექტებში, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს.

"მაგალითად, 2014-2015 წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შესყიდულია 4 საბავშვო ბაღის მშენებლობის, ელექტროწისქვილის მოწყობის, ტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟის სამუშაოები - ღირებულებით 212 ათასი ლარი. 2016 წლის ივნისის მდგომარეობით, პროექტი არ იყო დასრულებული და ვერ სარგებლობდა მოსახლეობა. 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 92.0 ათასი ლარის სარიტუალო სახლების, წყლის სისტემებისა და წისქვილების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც 2015 წლის ივლისის თვის მდგომარეობით დასრულებული არ იყო და ვერ სარგებლობდა მოსახლეობა", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. 137-გვერდისგან შემდგარი დოკუმენტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."